ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი: "ჩვენი ეკონომიკა კომაშია"


​უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ქვეყნიდან გასული პირველი საექსპორტო გემით გატანილი მარცვლეული მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია იმ მოსავლისა, რომლის გაყიდვაც კიევს ქვეყნის ეკონომიკური პრობლემებისგან დასახსნელად სჭირდება.

ზელენსკიმ ეს განცხადება ავსტრალიელი სტუდენტებისადმი მიმართვისას მაშინ გააკეთა, როცა საექსპორტო მარცვლეულით დატვირთულმა გემმა შემოწმება თურქეთში გაიარა და ლიბანისკენ გაეშურა.

გემმა "რაზონიმ" ოდესის პორტი ორშაბათ დილით დატოვა. ის 26 527 ტონა სიმინდის მარცვლეულით იყო დატვირთული და ის ტრიპოლიში უნდა ჩაიტანოს. ამ რეისის შესრულება გაეროს ეგიდით მიღწეული შეთანხმების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომლის თანახმადაც მარცვლეული და სასუქი უკრაინული პორტებიდან სხვა ქვეყნებში გავა. თუმცა ზელენსკი ამბობს, რომ დროა საჭირო იმის გასაგებად, ზუსტად როგორ განვითარდება მოვლენები.

"სულ ახლახან გაეროს და ჩვენი თურქი პარტნიორების წყალობით, ჩვენ გავამგზავრეთ მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი, მაგრამ ეს კვლავ არაფერია. მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება.

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინას სულ მცირე 10 მილიონი ტონა მარცვლეული აქვს ექსპორტზე სასწრაფოდ გასატანი იმისთვის, რომ მისი საბიუჯეტო დეფიციტი - თვეში 5 მილიარდი დოლარი - შეამციროს.

პორტების ბლოკადის შემდეგ მარცვლეულის პირველ ექსპორტს მიესალმა ამერიკის სახელმწიფო მდივანიც, ენტონი ბლინკენის თქმით, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

თურქული მხარე ამბობს, რომ ყოველდღე უკრაინული პორტების დატოვება დღეში სამ გემს შეუძლია. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, გასამგზავრებლად მზადაა მარცვლეულით და სასოფლო სამეურნეო პროდუქტებით დატვირთული 17 გემი. უკრაინას ექსპორტისთვის საწყობებში 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული აქვს. საჭირო გახდება კიდევ 40 მილიონ ტონამდე მოსავლის შენახვა-გატანაც.

"ომი თითქმის სრულად კლავს ჩვენს ეკონომიკას. ის კომაშია. რუსეთის მიერ პორტების ბლოკადა ჩვენი ეკონომიკისთვის უდიდესი დანაკარგია", - ამბობს ზელენსკი. პრეზიდენტი გამუდმებით იმეორებს, რომ შეთანხმების მიღწევის მიუხედავად, რუსულმა მხარემ შესაძლოა კვლავ სცადოს ამ ტრანზიტისთვის ხელის შეშლა.

XS
SM
MD
LG