უკრაინაში მიმდინარე ომი კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ რუსეთის რეალური სახე წარმოჩნდეს და ყველამ დაინახოს, რომ ის იმაზე სუსტი და უფრო კორუმპირებულია, ვიდრე მსოფლიოს აქამდე ჰქონდდა წარმოდგეგნილი. ამას "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს.
მას მიაჩნია, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, რის შემდეგად "საბოლოო დეკოლონიზაცია დაჩქარდება". გენერალი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია მომდევნო რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს და საქართველო ამ შესაძლო სცენარისთვის მზად უნდა იყოს. ბენ ჰოჯესს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.
ბატონო გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. როგორ აფასებთ უკრაინაში დღეს მიმდინარე საომარ მოქმედებებს?
მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ივლისი იქნება კრიტიკული თვე, როდესაც საბოლოოდ საგრძნობი გახდება იმ მხარდაჭერის სრული წონა და ეფექტი, რომელსაც ამერიკა უკრაინას საარტილერიო და სარაკეტო სისტემების და სხვა აღჭურვილობის მიწოდებით უწევს. ამას დაემატება ისიც, რომ რუსული ძალები დაიღალნენ და ადამიანური ძალის დეფიციტს განიცდიან. ვფიქრობ, იქნება დინების ცვლილება ადგილზე - ეს არ იქნება უზარმაზარი, მაგრამ იქნება შესამჩნევი. ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ, დასავლეთი უკრაინელებს მივაწვდით ყველაფერს, რასაც დავპირდით, გვექნება შანსი, რომ უკრაინამ რუსული ძალები 23 თებერვლის ხაზზე ამ წლის ბოლომდე დააბრუნოს.
აფხაზეთიდან ან სამხრეთ ოსეთიდან ჯარი უკრაინაში საომრად გაიყვანეს. არაჩვეულებრივი დროა ამერიკა-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისთვის, იმის დემონსტრირების მიზნით, რომ რუსებს შევახსენოთ, რამდენად დაუცველები არიან.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამხრეთში კონტრშეტევის დაწყების ბრძანება გასცა. რამდენად მზად არის უკრაინის ჯარი ამ ოპერაციისთვის?
ვფიქრობ, რომ ამისთვის დრო საკმაოდ კარგია, რადგან საქმე ისე გამოიყურება, რომ რუსული ძალები ერთ ადგილზე შეჩერდნენ. შესაძლოა, მათ არსებითი პროგრესის მისაღწევად წინსვლის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ აქვთ. ახლა ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. ეს ძირითადად, არის უწყვეტი საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვები, რომლებიც უკრაინულ ძალებზე გავლენას უდავოდ ახდენს და უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას კლავს. მაგრამ მათ მეტი არაფერი შეუძლიათ. რუსებმა განიცადეს უდიდესი მსხვერპლი და დაკარგეს დიდი რაოდენობით აღჭურვილობაც. ასე რომ, ეს დრო შეიძლება კონტრშეტევისთვის შესაფერისი იყოს.
რა თქმა უნდა, უკრაინელები კარგად იცავენ ინფორმაციას. ჩვენ არ ვიცით და საჯაროდ არც უნდა ვიცოდეთ რა შესაძლებლობები აქვთ, რა აღჭურვილობა აქვთ ადგილზე. ვფიქრობ, გენერალური შტაბი ძალიან ბევრს იმუშავებდა იმაზე, რომ შეექმნა მობილური რეზერვი, რომლის გამოყენებაც როგორც კრიზისის, ასევე კონტრშეტევის დროს იქნება შესაძლებელი.
რას იტყვით რუსეთის ძალებზე იგივე გადმოსახედიდან? თქვენ აღნიშნეთ, რომ ისინი დაიღალნენ და ბრძოლის უნარი ეწურებათ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. ასევე ვიცით, რომ ისინი რაკეტებს კასპიის ზღვიდან ისვრიან, იმის ნაცვლად, რომ სადმე ახლოდან ისროლონ. რა სიგნალს გზავნის ეს?
უდანაშაულო ხალხის განურჩეველი ხოცვა, ვფიქრობ, სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, ევროპის დედაქალაქებზე ზეწოლის გასაგრძელებლად ხდება. იმისთვის, რომ მათ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის შესაჩერებლად გამოსავალი ეძებონ. ვფიქრობ, რომ ეს კეთდება მათზე ზეწოლის განსახორციელებლად, ისევე ზელინსკის მთავრობაზე წნეხის შესანარჩუნებლადაც.
ეს ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ მათ ბევრი სხვა არჩევანი არ აქვთ. ჩემი ანალიზი შესაძლოა ზუსტი არ იყოს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის გამო, რომ არ ვიცი მათ ჯერ კიდევ რამდენი ჩვეულებრივი საბრძოლო მასალა აქვთ დარჩენილი. ერთის მხრივ ვითარება ისე გამოიყურება, თითქოს მათ უსასრულო რაოდენობის არტილერია და რაკეტები აქვთ. თუმცა, ჩვენი გათვლებით, იმ რაკეტების, რომლებსაც კასპიის ზღვიდან, და რუსეთის და ბელარუსის ტერიტორიიდან ისვრიან, სავარაუდოდ, 50 პროცენტზე ნაკლები აქვთ დარჩენილი. მათ მარაგის შევსება სავარაუდოდ, აღარ შეუძლიათ სანქციების გამო, რომლებიც რუსეთს ხელს უშლის ამ სისტემებისთვის საჭირო ნაწილის იმპორტში. საშინელებაა ის, რასაც აკეთებენ და რა თქმა უნდა, უკრაინელებს სჭირდებათ შესაძლებლობები, რომ დარტყმები სიღრმეში მიაყენონ და ის ადგილები ამოიღონ მიზანში, საიდანაც ეს ყველაფერი მოდის. ასევე ვფიქრობ, რომ ეს სასოწარკვეთის ნიშანიცაა, რადგან მათ რეალურად არ აქვთ შესაძლებლობა დაშალონ ლოჯისტიკური ჯაჭვი, რომელიც უკრაინას დასავლეთის იარაღით ამარაგებს. მათ ეს რომ შეეძლოთ, ამას უკვე დიდ ხნის წინ გააკეთებდნენ.
რას ამბობს თქვენთვის კასპიის ზღვიდან რაკეტების სროლა რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე?
ეს კარგი კითხვაა. რატომ? შესაძლოა იმიტომ, რომ შავი ზღვის ფლოტში ამ ტიპის საბრძოლო მასალები არ არის და ჯერ ვერ ახერხებენ ფლოტის მომარაგებას? არ ვარ დარწმუნებული. თუმცა, ვიფიქრებდი, რომ რუსები იწყებენ შეშფოთებას იმის გამო, რომ უკრაინა ღებულობს შესაძლებლობებს, რომლითაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე კიდევ უფრო შორს შეუძლია დარტყმების მიყენება. მათ ყირიმის ხიდიც აშფოთებს, რადგან უკრაინა საკუთარ შესაძლებლობებს აძლიერებს.
ვფიქრობ, რუსებს ცოცხალი ძალის სერიოზული პრობლემა აქვთ, რასაც ჩვენ ექვსი თვის წინ ვერ წარმოვიდგენდით. როგორც ჩანს, სისტემაში არსებული კორუფციის გამო, ის მონაცემები, რომლებიც ჩვენ ნამდვილი გვეგონა და რომლებსაც ისინი აქვეყნებდნენ, რეალობასთან შედარებით, გაცილებით გაზვიადებული იყო. მათ ფრონტზე გასაგზავნად ხალხი ციხიდან გამოჰყავთ. ისინი ფაქტობრივად ფსკერს ფხეკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ბრძოლაში იყენებენ არასათანადოდ გაწვრთნილ ჯარისკაცებს. ცოცხალი ძალის რაოდენობა, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, უკრაინის სასარგებლოდ იცვლება, რომელსაც სამხედრო ასაკის მილიონობით ქალი და მამაკაცი ჰყავს, რომლებსაც ბრძოლა შეუძლიათ. ისინი გაწვრთნილი ჯერ არ არიან, მაგრამ უკრაინელებს ცოცხალი ძალის პრობლემა არ აქვთ.
თეთრმა სახლმა თქვა, რომ რუსეთმა ირანს დრონებით დახმარება სთხოვა. თქვენი აზრით, ეს საფრენი აპარატები რუსეთს მნიშვნელოვნად დაეხმარება?
Your browser doesn’t support HTML5
იმედი მაქვს, რომ ისინი იქ ვერასდროს ჩავა. იმედი მაქვს, რომ დრონების ეს გადაცემა რაიმე გზით შეფერხდება და დარწმუნებული ვარ ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს. არა მხოლოდ ირანმა, არამედ ყველა სხვამ, ვინც ამ ომში რუსეთს ეხმარება და კრემლის წინააღმდეგ სანქციებს არღვევს, ამისთვის უზარმაზარი ფასი უნდა გადაიხადოს. თეთრი სახლი, ისევე როგორც სხვა მთავრობები, სავარაუდოდ, ამ სიტუაციას აკვირდებიან და შესაძლო შედეგებს ან სამოქმედო ნაბიჯებს აფასებენ. ვფიქრობ, ჯერ კიდევ გასარკვევია კონკრეტულად რა შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ. თუმცა, ერთი წუთით იმაზე დავფიქრდეთ, რა ხდება - რუსეთი, ეგრეთ წოდებული „დიდი ძალა“, ბირთვული სახელმწიფო, დრონების იმპორტს ირანიდან აწარმოებს. რას ამბობს ეს ყველაფერი რუსეთის სამხედრო სამრეწველო და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე? სიტუაცია იმდენად ცუდია, რომ მათ დრონების იმპორტი ირანიდან უწევთ.
თუმცა, ამ ნაბიჯის პოლიტიკური შედეგები შეიძლება იყოს ის, რომ შესაძლოა გადავდივართ ომის ახალ ფაზაში. მას ახლა თურქულ-ირანული დაპირისპირების ფაქტორიც ემატება. რას ფიქრობთ, უკრაინაში სატელიტური (პროქსი) ომია?
შეიძლება გარეგნულად ეს ასე გამოიყურება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ამ ომში. მე არ ვამბობ იმას, რომ იქ ამერიკის ჯარი უნდა გავგზავნოთ, თუმცა სიამოვნებით ვიხილავდი ჩვენს ლოჯისტიკის სპეციალისტებს, რომლებიც უკრაინას მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობის განაწილებაში დაეხმარებოდნენ. ვიცი ეს არ მოხდება, მაგრამ მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. უნდა მივაწოდოთ მათ შეუზღუდავი რაოდენობის ამუნიცია, მივცეთ მეტი ჰაიმარსები და ანტისაზღვაო შეიარაღება, უფრო შორი რადიუსის რაკეტები და საიერიშო შესაძლებლობები, რათა მათ შეძლონ იმ აეროდრომების დაბომბვა, საიდანაც რუსული თვითმფრინავები დაფრინავს. ასევე, კარგი იქნება შავი ზღვის ფლოტის მეთაურს უკიდურესად არაკომფორტული სიტუაცია შევუქმნათ სევასტოპოლში დაკავებულ უკანონო ბაზაზე. ეს არის ის, რის გაკეთებაც შეგვიძლია. ჩვენ ასევე უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე სხვა ადგილებში, რასაც ჩვენ ჰორიზონტალურ ესკალაციას ვუწოდებთ. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ მათ გაურთულდეს საქმის სხვაგან კეთება, იქნება ეს ეკონომიკური თუ სამხედრო მეთოდებით. მათ შორის ის, რომ ირანული დრონები, იქ ვერასდროს ჩავიდეს.
ასევე ნახეთ: ვაშინგტონში ამერიკის ელჩის კრიტიკას პასუხობენსხვა ადგილებში რას გულისხმობთ? სირიას?
დიახ, მაგალითად ბაზას ტარტუსში. ჩემთვის ზეწოლის წერტილების სიაში პირველია. იქ შეიძლება გემებზე კარანტინი ან სხვა სახის მოქმედებები იმისთვის, რომ რუსებმა ეს ბაზა ვერ გამოიყენონ.
ამასთან, თუ მათ აფხაზეთიდან ან სამხრეთ ოსეთიდან ჯარი უკრაინაში საომრად გაიყვანეს, არაჩვეულებრივი დროა ამერიკა-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისთვის, იმის დემონსტრირების მიზნით, რომ რუსებს შევახსენოთ, რამდენად დაუცველები არიან. ამავდროულად, მოგეხსენებათ, უკრაინაში გასაგზავნად ჯარები მათ ფინეთთან საზღვრიდანაც გაიყვანეს. ასევე კარგი დროა ჩავატაროთ კიდევ ერთი დიდი ერთობლივი წვრთნა ჩრდილოეთში რუსეთ-ფინეთის საზღვართან. ეს არის ისეთი რამ, რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ მათზე ზეწოლა მოვახდინოთ და არ მივცეთ უკრაინაზე კონცენტრირების საშუალება.
თქვენ არ ხართ პირველი, ვინც ამბობს, რომ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსული ჯარის ნაწილების გაყვანა საქართველოს სასარგებლოდ შეიძლება იქნას გამოყენებული. ამ კონტექსტში უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ცალმხრივი ვალდებულება აქვს აღებული ძალის არგამოყენების შესახებ. შესაბამისად, მთავრობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სამხედრო გზის გამოყენებას გამორიცხავს. თქვენი აზრით, რამდენად კარგი იდეაა საქართველოსთვის ამ ვითარებაში სამხედრო თვალსაზრისით აქტიურობა და რუსეთის რეაქციის გამოცდა?
წვრთნებზე შესაძლო რეაგირებას გულისხმობთ?
დიახ. ეს სავარაუდოდ, პროვოკაციად იქნება აღქმული.
გულწრფელად რომ ვთქვათ, რის გაკეთება შეუძლია რუსეთს? მათ თითქმის ყველაფერი, რაც აქვთ, უკრაინაში აქვთ ჩადებული. ოთხი თვის შემდეგაც კი მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს იმაზე მეტის გაკეთება, რაც გააკეთეს. ყველა უპირატესობით, რაც მათ ჰქონდათ, საკუთარი უუნარობა გამოავლინეს. ისინი უუნაროები არიან, თუმცა არა სულელები. მე არ ვიცი მათ რა შესაძლებლობები ექნებათ, რომ საქართველოს დაემუქრონ.
საინტერესოა ის, რომ საქართველოს ძალის არგამოყენების ვალდებულება აქვს აღებული. რუსეთი არანაირ ასეთ შეთანხმებას ცხადია არ დაიცავს. მე არ ვამბობ, რომ ახლა არის დრო, საქართველომ იჩქაროს და შეეცადოს დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაშინ როცა რუსეთი სხვაგან არის დაკავებული. მაგრამ ეს ნამდვილად შეიძლება იყოს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთის სახე წარმოჩნდეს და ყველამ დაინახოს, რომ ის იმაზე მეტად კორუმპირებულია, ვიდრე წარმოგვედგინა. უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ თავისუფლების მოყვარულმა ხალხებმა ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთისგან საბოლოო დეკოლონიზაცია დააჩქარონ, როგორც მე ამას ვუწოდებ. ჩემი აზრით, რუსეთის ფედერაცია მომდევნო რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს. საქართველო მზად არის ამ შესაძლებლობისთვის?
თქვენ ამბობდით, რომ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში უკრაინა მნიშვნელოვნად დაწინაურდება და ფრონტზე დრამატული ცვლილებები მოხდება. ეს სცენარი ჯერ კიდევ შესაძლებელია?
ვფიქრობ, ეს ძალიან შესაძლებელია! ომი არის ნებისყოფის და ლოგისტიკის გამოცდა. უკრაინელებს ეს ნებისყოფა აშკარად აქვთ. ისინი იცავენ საკუთარ ქვეყანას. ჩვენ ვნახეთ, რომ მათ გააჩერეს რუსული ჯარი. ნებისყოფის მეორე ნაწილი აქ დასავლეთზე მოდის, სადაც შეერთებული შტატები, კანადა, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საფრანგეთი და ევროპის სხვა ქვეყნები კრემლის წინააღმდეგ დგანან.
ვფიქრობ, კრემლს სჯერა, რომ თუ დეკემბერამდე შეძლებს პოზიციების შენარჩუნებას, ჩვენი შიდა პრობლემების, ეკონომიკის, არჩევნების, ბრიტანეთში ახალი პრემიერის, გაზის თუ სხვა მიზეზების გამო, ჩვენ ყველას ინტერესი დაგვეკარგება. ვფიქრობ, ეს იქნება ნამდვილი გამოცდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის, შეძლებს თუ არა ის ყველას ერთიანობის შენარჩუნებას იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, უკრაინამ გაიმარჯვოს. ვფიქრობ, უკრაინის ლოჯისტიკური მდგომარეობა ყოველ კვირას უმჯობესდება, რუსებისთვის კი უარესდება, იგივე ხდება ცოცხალ ძალასთან დაკავშირებითაც.
ასე რომ, დიახ, მე მჯერა, რომ უკრაინის გამარჯვების. თუმცა აქ უზარმაზარი ფაქტორი ჩვენი ერთიანობაა, სანქციების შენარჩუნებაში და უკრაინისთვის იმის მიწოდებაში, რასაც დავპირდით, მათ შორის, იარაღის და დაზვერვის თვალსაზრისით. ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. თუ ეს ასეც გაგრძელდა, მე მჯერა, რომ წლის ბოლოს შეიძლება ვნახოთ, რომ რუსეთი 23 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნდეს.
Your browser doesn’t support HTML5