ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სბერბანკი" და "ღამის მგლები" სანქცირებულთა სიაში ხვდებიან


ევროპის კავშირი რუსეთის უდიდეს ბანკს "სბერბანკს" სანქცირებულთა სიაში სვამს. სანქციები ასევე დაუწესდება კრემლის მომხრე სხვა ინდივიდებს და ორგანიზაციებს, მათ შორის - მოტოციკლეტისტთა კლუბს "ღამის მგლები", რომლის წევრი ე.წ. ბაიკერები უკრაინაში რუსეთის შეჭრას უჭერენ მხარს.

ახლადსანქცირებულთა სიის ნახვის საშუალება "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტს ჰქონდა. მასში შესულია დამატებით 48 ადამიანი, რომელთა შორის არიან რუსული ნედლეულის ექსპორტიორი გიგანტური კომპანია UMMC-ის ხელმძღვანელი ანდრეი კოზინცინი, და ასევე ქვეყნის უსაფრთხოებაში მომუშავე ოფიციალური პირები, ეროვნული გვარდიის წევრები, პოლიტიკოსები, მსახიობები, ოლიგარქთა ოჯახის წევრები და მრავალი სხვა.

"სბერბანკის" სანქცირებულთა სიაში შეყვანა, დასავლეთში რუსეთის წამყვანი ბანკის აქტივებს გაყინავს და მის ნებისმიერ ტრანზაქციას დაბლოკავს. ევროპის კავშირის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სურსათით და სასუქით ვაჭრობის ოპერაციებისთვის. "სბერბანკი" უკვე გარიცხულია "სვიფტის" სისტემიდან, რაც მას ფინანსურ საქმიანობას აქამდეც უზღუდავდა.

სანქცირებულთა სიას ემატება მილიარდერ ოლეგ დერიპასკას ბიძაშვილი პაველ ეზუბოვი. დერიპასკამ, რომელიც ევროპის კავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება, ეზუბოვს დიდი რაოდენობის თანხები გადაურიცხა. სანქციებში მოხვდა, საფრანგეთსა და ავსტრიაში არსებული მისი ქონებ და აქტივები. ახლადსანქცირებულებს შორის იქნება ადამ დელიმხანოვიც, რუსეთის დუმის პარლამენტარი. ევროკავშირის ინფორმაციით, ის პირადად იყო ჩართული რუსეთის აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ.

ევროკავშირის სანქციების მორიგი წყების დამტკიცებას 20 ივლისს ელიან. უკრაინაში ომის დაწყების გამო სანქცირებული რუსების რიცხვი 1 229-მდე გაიზრდება, კომპანიების რაოდენობა კი 110-მდე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG