ზელენსკი: "დასავლური არტილერია რუსების წინააღმდეგ ეფექტურია"

ფოტო: უკრაინის თავდაცვის სამინისტრო უკრაინელი ჯარისკაცები ამერიკული ჯაველინს იყენებენ, წვრთნები დონეცკის რეგიონში, 12 იანვარი, 2022.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ის საარტილერიო სისტემები, რომლებიც ქვეყანამ დასავლელი მოკავშირეებისგან მიიღო, უკვე ძლიერად მუშაობს და რუსეთის ჯარის ძალისხმევას მნიშვნელოვნად აფერხებს.

"მისი სიზუსტე არის სწორედ ისეთი, როგორიც გვჭირდება", - თქვა ზელენსკიმ ღამის ვიდეო-მიმართვისას. "ჩვენი [ქვეყნის] დამცველები ახორციელებენ ძალიან მნიშვნელოვან შეტევებს დეპოებსა და სხვა ისეთ ობიექტებზე, რომლებიც ლოჯისტიკურად ოკუპანტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საგულისხმოდ ამცირებს რუსული არმიის თავდასხმით პოტენციალს", - თქვა ზელენსკიმ .

პრეზიდენტმა ასევე პირობა დადო, რომ უკრაინის კუთვნილ ტერიტორიებზე კონტროლს დაიბრუნებს. რუსეთი ამჟამად ლუჰანსკის ოლქს სრულად აკონტროლებს და დონეცკის ნაწილებს უტევს.

"ჩვენ ვიბრძვით მთელი ჩვენი სამხრეთისთვის, მთელი უკრიანული დონბასისთვის - ყველაზე სასტიკი დპაირისპირება ახლა სწორედ იქაა, სლავიანსკისა და ბახმუტის სიახლოვეს. ჩვენ ვიბრძვით ხარკივის რეგიონისთვის. ოკუპანტებს არ უნდა ეგონოთ, რომ მათი დრო ამ მიწაზე დიდხანს გასტანს და მათი არტილერიის უპირატესობა მუდმივია", - განაცხადა ზელენსკიმ.