გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში, მიშელ ბაჩელეტი მოუწოდებს უკრაინაში ომი დასრულდეს და ყველას, ვინც ჩაიდინა საშინელებები და ომის წარმოების დანაშაულები, პასუხი აგებინონ. ბაჩელეტმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ბოლო, განახლებული ინფორმაცია ადამიანის უფლებათა საბჭოს ჟენევაში სამშაბათს წარუდგინა.
ბაჩელოტის მოხსენება 24 თებერვლიდან 15 მაისამდე პერიოდს ფარავს და შეიცავს მკვლელობების ამომწურავ ნუსხას, ფართოდ გავრცელებულ ნგრევას, თვითნებურ დაკავებებს, ძალადობრივ გაუჩინარებებს და ადამიანის უფლებების სხვა მძიმე დარღვევებს.
ჩადენილი საშინელებების მიმოხილვისას, გაეროს უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ უკრაინაში კონფლიქტის გაუსაძლისი სიმძიმე მატულობდა და მიმდინარე დაპირისპირების გამო მთავარ დარტყმას სამოქალაქო მოსახლეობა განიცდიდა. მან საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევაში ბრალი რუსეთს და შედარებით ნაკლები ხარისხით, უკრაინას დასდო.
„სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის დიდი რიცხვი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევის მასშტაბი იზრდება და იწვევს შეშფოთებას, რომ რუსული შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს არ ემორჩილება. როგორც ჩანს უკრაინული შეიარაღებული ძალებიც, თუმცა ბევრად ნაკლები ხარისხით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონთან სრულ შესაბამისობაში არ იყო“, თქვა ბაჩელეტმა.
ბაჩელეტმა თქვა, რომ გაერომ დოკუმენტურად აღრიცხა უკრაინაში 10 ათასზე მეტი სამოქალაქო პირის სიკვდილი ან დაშავება. მან იქვე აღნიშნა, რომ რეალური ციფრები სავარაუდოდ მნიშვნელოვნად უფრო მეტი იქნება. მან თქვა, რომ სამოქალაქო მოსახლეობის სიკვდილი, დასახლებულ ადგილებში ასაფეთქებელმა საბრძოლო მასალებმა, მათ შორის კასეტურმა ასაფეთქებელმა მასალებმა გამოიწვია.
ჟენევაში რუსეთის მისიის პირველმა მრჩეველმა ევგენი უსტინოვმა უმაღლეს კომისარს ბრალი სიცრუის გავრცელებაში დასდო და მისი მოხსენება უარყო, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილი. მან თქვა, რომ გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისი, კიევის რეჟიმის და დასავლელი სპონსორების დანაშაულების თანამონაწილედ იქცა.