ევროპული საბჭოს მიერ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე ორი დღით ადრე, "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ბრიუსელში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, გადაწყვეტილების სამუშაო ვერსიიდან ცნობას აქვეყნებს.
იოზვიაკის ინფორმაციით, დოკუმენტის სამუშაო ვერსიის თანახმად, ევროპული საბჭო მზად არის, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მას შემდეგ, რაც წევრობის შესახებ განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის მოსაზრებაში საქართველოსთვის დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ევროპული საბჭოს ბოლო სამუშაო ვერსიის თანახმად: „ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას. ასევე აცხადებს, რომ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ გაწერილი ყველა პირობა სრულად დაკმაყოფილდება".
ასევე ნახეთ: მატერნოვა: საქართველოს გამოყოფა უკრაინის და მოლდოვისგან მნიშვნელოვან მესიჯს შეიცავს17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.
ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.