100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი, აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.
„ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ საქართველოს კანდიდატობას ევროკავშირში, რადგან გვინდა ვიხილოთ ქვეყნის წარმატება მის ევროპულ მისწრაფებებში. როცა მესმის, რომ ამბობენ, რომ აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი, ეს 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა და აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. აშშ აკეთებს ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ომის შესაჩერებლად“, - თქვა ელჩმა ბათუმში, ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
Your browser doesn’t support HTML5
კელი დეგნანის თქმით, ევროკავშირი და ნატო ემსახურებიან მშვიდობას, სტაბილურობას, გამჭვირვალობას და ეს შესამჩნევია ევროპისა და ჩრდილოეთის ყველა ქვეყანაში.
„აშშ-ის კარგად ესმის, რა აქვს გამოვლილი ქართველ ხალხს და რას გრძნობს უკრაინასთან დაკავშირებით", - თქვა ელჩმა და დაამატა: "საჭიროა ერთიანობა და არა ჩხუბი“.