ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული საინფორმაციო სააგენტოები უკრაინაზე სარაკეტო დარტყმების შესახებ იუწყებიან


სააგენტო „როიტერის“ ცნობით, რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია“, რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთმა უკრაინის ჩერნიჰივის რეგიონში, „კალიბრი“ ფრთოსანი რაკეტებით საარტილერიო შეიარაღების საცავს დაარტყა.

სააგენტო „ტასსი“ კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობის საფუძველზე იუწყება, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინული „მიგ-29“ გამანადგურებელი და „მი-24“ შვეულმფრენი ჩამოაგდო.

უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“, ჩერნიჰივის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჩაუსის კომენტარს აქვეყნებს, რომელმაც განაცხადა: „ახლა მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსებმა პრილუკიზე სარაკეტო დარტყმა მოახდინეს. 3 რაკეტის დარტყმა აღირიცხა. ამის შედეგად დამდგარი ზიანის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“.

„პივნიჩის“ ოპერატიული სარდლობის თანახმად, რაკეტებით დარტყმა ადგილობრივი დროით 13:15-ზე მოხდა.

სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ხანძრის გავრცელების საფრთხის გამო, პრილუკის რაიონის ზოგიერთი სოფლიდან, ზაიზდიდან, პეტრივსკედან, ტიხედან და სუხოსტავეციდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ჩერნიჰივის ოლქის სამოქალაქო თავდაცვის და თავდაცვითი სამუშაოების დეპარტამენტის დირექტორმა სერჰი ბოლდირიევმა თქვა: „ამის მიზეზი, სარაკეტო თავდასხმების შემდეგ ხანძრის გავრცელების საშიშროებაა.“

XS
SM
MD
LG