რუსულმა ძალებმა ხერსონში ანტისაოკუპაციო დემონსტრაცია დაარბია

უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ ხერსონში, რუსულმა ძალებმა პროუკრაინული დემონსტრაციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები გამოიყენა. ამის შესახებ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსულმა ჯარებმა რეგიონული ქალაქის ადმინისტრაციული შენობა დაიკავა, რუსეთმა ხერსონში საკუთარი მერი დანიშნა.

ასევე ნახეთ: კრემლმა ბრიტანელ კანონმდებლებს რუსეთში შესვლა აუკრძალა

მას შემდეგ, რაც კიევმა განაცხადა, რომ რუსეთი რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის გამართვას აპირებს, ხერსონის მაცხოვრებლები, ანტისაოკუპაციო აქციებს მართავენ.

„ქალაქ ხერსონში, თავისუფლების მოედანზე მშვიდობიანი პროუკრაინული მიტინგის დროს, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“ - ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

უკრაინის პროკურატურის ცნობით, დემონსტრაციის დაშლის დროს 7 ადამიანი დაშავდა. რუსული მხარე მომხდარს ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

ასევე ნახეთ: აშშ მხარს უჭერს ოლიგარქების ჩამორთმეული ქონებიდან შემოსავლის უკრაინისთვის გადაცემას

ანტისაოკუპაციო დემონსტრაციების მონაწილეეების მიმართ, მადლიერება გამოხატა უკრაინის პრეზიდენტმა.

„მადლიერი ვარ ყველასი, ვინც არ დანებდა, ვინც აპროტესტებს, ვინც არად დაგიდევს ოკუპანტებს და მარგინალ ხალხს, ვინც კოლაბორაციონისტები გახდნენ, აჩვენებენ, რომ მათთვის მომავალი არ არის“ - განაცხადა ვოლოდომირ ზელენსკიმ.