სტოლტენბერგი: ნატო გააღრმავებს უკრაინის იარაღით მხარდაჭერას, საქართველოს და ბოსნიას დაეხმარება თავდაცვის უნარის გაძლიერებაში

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 7 აპრილს, ბრიუსელში, ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებაზე და ქვეყანას მიაწვდიან იარაღის სისტემათა ფართო სპექტრს.

სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ ნატოს წევრები შეთანხმდნენ სხვა პარტნიორების, მათ შორის საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინის დახმარებაზე და მათი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა იმის შესახებ, რომ ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა უკრაინას გაუზრდის იარაღით მომარაგებას - რაც კიევს დაეხმარება რუსეთის აგრესიის მოგერიებაში - თუმცა გამოვიდა მოწოდებით, რომ გადაწყვეტილებები და მოქმედება სწრაფი უნდა იყოს.

Your browser doesn’t support HTML5

რა ხდება ბუჩაში ? - ამერიკის ხმის ჟურნალისტი კიევის ოლქში იმყოფებოდა

"ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ ჩვენი დისკუსიის შედეგს" - თქვა კულებამ. მან უარი განაცხადა დაეკონკრეტებინა რომელი ქვეყნები მიაწვდიან უკრაინას იარაღს და რა ტიპის შეიარაღება იქნება ეს, თუმცა თქვა, რომ იარაღი უკრაინაში მალე უნდა ჩავიდეს, რადგან რუსეთი ემზადება ახალი შეტევისთვის აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში.

"ან ახლა დაგვეხმარებით - და ვგულისხმობ დღეებს და არა კვირებს - ან თქვენი დახმარება დაგვიანებული იქნება" - თქვა კულებამ.