იაპონიის პრემიერი ინდოეთს რუსეთზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ინდოელ კოლეგა ნარენდრა მოდის უთხრა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეარყია „საერთაშორისო წესრიგის საფუძველი“ და მოსკოვის ეს ქმედება მოითხოვს მასზე მკაფიო რეაგირებას.

ინდოეთი და იაპონია ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის წევრები არიან. ჯგუფის დანარჩენი ორი წევრი ამერიკის შეერთებული შტატები და ავსტრალია არიან. ინდოეთი, ეგრეთწოდებული, „კვადის“ ერთადერთი წევრია, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ დაგმო.

იაპონიამ ათობით რუს პირსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო და განაცხადა, რომ უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებს.

ასევე ნახეთ: გაერო აცხადებს, რომ უკრაინაში 847 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ბევრ ქალაქში მსხვერპლზე ინფორმაცია არ აქვს

„ჩვენ (ქიშიდამ და მოდიმ) დავადასტურეთ, რომ სტატუს კვოს ძალის გამოყენებით ნებისმიერი ცალმხრივი შეცვლა არ შეიძლება ეპატიოს არცერთ რეგიონში არავის და აუცილებელია დავის მშვიდობიანი გადაწყვეტა საერთაშორისო სამართლის საფუძველზე“, - განუცხადა კიშიდამ ჟურნალისტებს ნიუ დელიში მოდისთან შეხვედრის შემდეგ.

ინდოეთზე საერთაშორისო ზეწოლა იზრდება არა მხოლოდ იმის გამო, რომ დელის რუსეთის უკრაინაში შეჭრა საჯაროდ არ დაუგმია, არამედ იმის გამოც, რომ ინდოეთი რუსეთისგან ფასდაკლებული ნავთობის ყიდვას ამ დრომდე განაგრძობს.