"მოსკოვის მოთხოვნების იგნორირება ცუდია სტაბილურობისთვის" - ლავროვი

სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მოსკოვის მიერ წამოყენებული უსაფრთხოების მოთხოვნების იგნორირება ცუდია სტაბილურობისთვის ევრპაში და სხვაგან. სერგეი ლავროვმა ამის შესასახებ ფრანგ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა ლავროვმა, ფრანგ კოლეგასთან საუბრისას თქვა, რომ ყველა ქვეყანამ უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს „თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების“ პრინციპი.

„ამ სფეროში, რუსეთის ლეგიტიმური უფლებების იგნორირება უარყოფითად აისახება სტაბილურობაზე. არა მხოლოდ ევროპის კონტინენტზე, არამედ მთელ მსოფლიოში“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე ნახეთ: მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია - დასავლელი ლიდერები მოსკოვს აფრთხილებენ

თავის მხრივ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი აცხადებს, რომ მიმდინარე კრიზისის გადასაჭრელად დიალოგი ჯერ კიდევ შესაძლებელია და საფრანგეთი მზადაა ამისთვის იმუშაოს. მაგრამ ლე დრიანის თქმით, არჩევანი რუსეთის გასაკეთებელია.

„დღეს რუსეთის ქმედებები და სიტყვები, ერთმანეთს არ შეესაბამება“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთს, უკრაინის საზღვრებთან ათობით ათასი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული, თუმცა კრემლი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში შეჭრა გადაწყვეტილი აქვს.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სამიზნე კიევი იქნება. „ჩვენ ვფიქრობთ, ისინი მიზანში ამოიღებენ უკრაინის დედაქალაქ კიევს, სადაც 2,8 მილიონი უდანაშაულო ადამიანი ცხოვრობს“, - თქვა ბაიდენმა.

ასევე ნახეთ: რუსეთმა ბირთვული წვრთნები დაიწყო