ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი: პუტინს უკრაინაში შეჭრა გადაწყვეტილი აქვს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 18 თებერვალს ამერიკელ ხალხს მიმართა და მათ უკრაინის საზღვარზე რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის შესახებ ესაუბრა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გადაწყვეტილი აქვს უკრაინაში შეჭრა. თუმცა, მან იქვე აღნიშნა, რომ დიპლომატიური გზები ჯერ ისევ განიხილება და ამოწურული არ არის.

„ამ მომენტში მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [ვლადიმირ პუტინს] გადაწყვეტილება მიღებული აქვს. ამის [თქმის] საკმარისი მიზეზები გვაქვს“, - უთხრა მან გამოცემა "ბლუმბრეგის" ჟურნალისტს, დასმულ შეკითხვაზე პასუხად. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ეს დასვკნა, ამერიკის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციას ეყრდნობა. თუმცა, პრეზიდენტს დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია. „მანამ, სანამ ის ამას იზამს, დიპლომატია ყოველთვის შესაძლებელია“, - თქვა ბაიდენმა.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სამიზნე კიევი იქნება. „ჩვენ ვფიქრობთ, ისინი მიზანში ამოიღებენ უკრაინის დედაქალაქ კიევს, სადაც 2,8 მილიონი უდანაშაულო ადამიანი ცხოვრობს“, - თქვა ბაიდენმა.

საკუთარ გამოსვლაში, ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს „საბაბი“ იპოვოს უკრაინაში შესაჭრელად და მოსკოვი ბრალს დებს უკრაინას, რომ კიევი ემზადება ომისთვის, რაც „ლოგიკას მოკლებულია".

„ეს ყველაფერი რუსეთის გზამკვლევიდანაა, რათა იპოვონ მცდარი საბაბი უკრაინის წინააღმდეგ სამოქმედოდ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, რუსეთი გეგმავს უკრაინაში მომავალ დღეებში ან კვირებში შეჭრას. მან იქვე აღნიშნა, რომ დასავლეთი არ გეგმავს უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას, თუმცა ევრო-ატლანტიკური ალიანსი ეხმარება უკრაინას სამხედრო და ეკონომიკური კუთხით და დაიცავს ნატოს ტერიტორიის „თითოეულ სანტიმეტრს“.

მან მოსკოვს მოუწოდა დიპლომატიის გზა აირჩიოს. „რუსეთს შეუძლია კვლავ აირჩიოს დიპლომატია, გვიანი არაა დეესკალაცია და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება“, - თქვა ბაიდენმა. მან აღნიშნა, რომ 24 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვის შეხვედრაა დაგეგმილი.

„თუ რუსეთი სამხედრო მოქმედებებს მიმართავს, ნათელი გახდება, რომ მათ აირჩიეს ომი და დაუკეტეს დიპლომატიას“, - დაამატა მან.

ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასავლეთი ერთიანია რუსული საფრთხის წინაშე, ისევე როგორც ერთიანნი არიან დემოკრატები და რესპუბლიკელები შეერთებულ შტატებში და კიდევ ერთხელ ისაუბრა სანქციებსა და „მძიმე საფასურზე“, რასაც მოსკოვი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში გადაიხდის.

თეთრი სახლის უკანასკნელი მონაცემებით, ამ დროისთვის რუსეთს უკრაინის საზღვარზე 190,000-მდე სამხედრო ჰყავს განთავსებული.

XS
SM
MD
LG