ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის უშიშროება: სახლებს ააფეთქებენ თუ ავტობუსს, არ ვიცი, მაგრამ ისინი პროვოკაციებს აწყობენ


უკრაინის უშიშროების სამსახურში ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადება გაკეთდა, სადაც ნათქვამია, რომ უახლოეს პერიოდში რუსი სეპარატისტების მიერ დონეცკსა და ლუჰანსკში პროვოკაციებია მოსალოდნელი.

ოლექსი დანილოვი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ამბობს, რომ „რუსეთი საკუთარი მხარდაჭერილი სეპარატისტების გამოყენებით, პროვოკაციების მოწყობას გეგმავს".

„ჩვენი ინფორმაციით, ადგილზე რუსეთის წარმომადგენლები მოახდენენ სხვადასხვა ქმედებების პროვოცირებას. ვერ ვიტყვით, რას გააკეთებენ, ააფეთქებენ თუ არა ავტობუსებს, რომლითაც ადამიანების ევაკუაციას როსტოვში ახდენენ. ან ააფეთქებენ თუ არა სახლებს. ჩვენ კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ასეთი რამე თუ მოხდება, ჩვენ მასთან არანაირი კავშირი არ გვექნება,“- ამბობს დანილოვი.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ასევე გამოეხმაურა მოსკოვის შეთავაზებას, რომ კიევმა პირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს დონეცკისა და ლუჰანსკის წარმომადგენლებთან, პრორუს სეპარატისტებთან, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიას ბოლო წლების განმავლობაში აკონტროლებენ.

„ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მოლაპარაკება რუსეთთან და არა ადამიანებთან, რომლებიც არ არიან დამოუკიდებლები და რომლებსაც არ შეუძლიათ მიიღონ დამოუკიდებელი გადწყვეტილებები,“- თქვა დანილოვმა.

დღეს რუსმა სეპარატისტებმა გაავრცელეს ცნობა, რომ უკრაინული არმია დონეცკსა და ლუჰანსკზე თავდასხმას გეგმავდა. ცოტა ხნის წინ კი ქალაქებიდან ევაკუაციის პროცესი დაიწყო.

კიევი უარყოფს ბრალდებებს და ამბობს, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში პროვოკაციების მოწყობას ცდილობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG