რუსეთის მიერ მხარდაჭერილ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში ევაკუაციის ბრძანება გასცეს. მოულოდნელი განკარგულება აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დონეცკში გაიცა, მას შემდეგ, რაც ქალაქში დაახლოებით დღის 4 საათზე განგაშის სირენები ჩაირთო.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა სოციალური მედიის საშუალებით განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა თავშესაფარი მისცეს ლტოლვილებს. მისი თქმით, თავდაპირველად ქალების, ბავშვების და მოხუცების ევაკუირება იგეგმება. ანალოგიური განცხადება გაკეთდა რეგიონის მეორე სეპარატისტულ ქალაქ ლუჰანსკში.
განკარგულების მიხედვით, ევაკუაცია დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. პირველი ავტობუსები, რომლებიც ლტოლვილებს გაიყვანს, საღამოს 8 საათზე გავა. "ინტერფაქსის" ცნობით, ბავშვთა სახლებიდან ბავშვები რუსეთში უკვე გადაიყვანეს.
უკრაინის სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ რეგიონებში მილიონობით ადამიანი ცხოვრობს. 2014 წლის შემდგომი კონფლიქტის შედეგად, რუსეთის მხარდაჭერილ ადგილობრივ ძალებსა და კიევში ცენტრალური მთავრობას შორის, ბევრ ადამიანს საკუთარი სახლის დატოვება მოუხდა. აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტმა 14 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.