ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი მობილიზაციას აგრძელებს, უკრაინასთან სისხლის ბანკის მარაგს ზრდის


აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. 17 თებერვალი, 2022 წ.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. 17 თებერვალი, 2022 წ.

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რუსეთი აგრძელებს ჯარების და სამხედრო ტექნიკის უკრაინის საზღვრებთან მიახლოვებას, გადაჰყავს საბრძოლო თვითმფრინავები და ზრდის სისხლის ბანკის მარაგს, განცხადება ხუთშაბათს ბრიუსელში მყოფმა ამერიკის თავდაცვის მდივანმა გააკეთა.

"არცთუ დიდი ხნის წინ მეც ჯარისკაცი ვიყავი. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ მსგავს რამეს უმიზეზოდ არ აკეთებ" - თქვა ლოიდ ოსტინმა, არმიის გადამდგარმა გენერალმა. "ამგვარ რამეს ნამდვილად არ აკეთებ, თუ ბარგის ჩალაგებას და შინ დაბრუნებას გეგმავ" - განაცხადა მან.

მოსკოვი მეზობელ ქვეყანაში შეჭრის გეგმებს უარყოფს და აცხადებს, რომ ბელარუსში წვრთნების დასრულების გამო, ჯარების და შეიარაღების ნაწილი უკან დახია. ამ ინფორმაციის სარწმუნოობის დასადასტურებლად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ კვირაში ვიდეო გაავრცელა, რომელზეც ჩანს საჯარისო ფორმირებების და სამხედრო აღჭურვილობის გარკვეული გადაადგილებები.

თუმცა, ამერიკა ფიქრობს, რომ რუსეთი პირიქით, უკრაინის საზღვრებთან ჯარებს ზრდის და აძლიერებს. "მოწმე ვართ შეტევის და მხარდაჭერისთვის კიდევ უფრო მეტი თვითმფრინავის გაგზავნის. ვხედავთ, რომ შავ ზღვაზე ისინი მზაობას ზრდიან" - თქვა თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა. მან ასევე დაადასტურა, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთი ზრდის სისხლის ბანკის მარაგს. ოსტინი ბელგიიდან პოლონეთში მიემგზავრება, სადაც იქ დისლოცირებულ ამერიკელ ჯარისკაცებს შეხვდება.

მსოფლიოს ლიდერების დიდი ნაწილია ჩართული აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კრიზისის მშვიდობიანი გადაჭრის საქმეში. მოსკოვს სურს უკრაინას და საქართველოს სამუდამოდ აეკრძალოს ნატოში გაწევრიანება, რასაც მისი ორი მეზობელი ესწრაფვის. დასავლეთი პასუხად აცხადებს, რომ ეს სუვერენული ქვეყნების უფლებაა, თავად გადაწყვიტოს, თუ სახელმწიფო უსაფრთხოების როგორი მოწყობა სურს აირჩიოს.

XS
SM
MD
LG