ბაიდენის და პუტინის საუბარი მნიშვნელოვანი პროგრესის გარეშე დასრულდა

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ ვიდეო-ზარით ისაუბრეს. ამერიკის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა შესაძლოა ქვეყანაზე თავდასხმა ძალიან მოკლე დროში გადაწყვიტოს და განახორციელოს. ზარი მზარდი დაძაბულობის და უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის მზაობის შესახებ გავრცელებული ცნობების პარალელურად შედგა.

თეთრი სახლის თანახმად, საუბარი 62 წუთს გაგრძელდა. სპეციალური დაცული ხაზით სატელეფონო ზარი პრეზიდენტებს შორის ვაშინგტონის დროით დილით, 11:04-ზე დაიწყო და 12:06-ზე დასრულდა. რუსულ მხარეს ზარის გამართვა ორშაბათს სურდა, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციას სურდა ეს საუბარი შაბათს გამართულიყო, რადგან ამერიკული მხარე შიშობს, რომ თავდასხმა შესაძლოა უახლოეს პერიოდში მოხდეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს მკაფიოდ უთხრა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამერიკა და მისი მოკავშირეები სწრაფად იმოქმედებენ და რუსეთს ეს ძვირად დაუჯდება. ბაიდენმა პუტინს დეესკალაციისკენ და დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის განმარტებით, სატელეფონო საუბარი ორ პრეზიდენტს შორის პროფესიონალური და არსებითი იყო. ბოლო კვირების განმავლობაში არსებული დინამიკა კი ფუნდამენტურად არ შეცვლილა: "კვლავ გაურკვეველია, დაინტერესებულია თუ არა რუსეთი თავისი მიზნის დიპლომატიური გზით განხორციელებით და არა ძალის გამოყენებით. ჩვენ დიპლომატიური გზით დეესკალაციის პერსპექტივის შენარჩუნების ერთგულები ვართ. მაგრამ, ასევე ნათლად ვხედავთ იმ პერსპექტივასაც, რაც რუსეთის აშკარა ნაბიჯებს მოჰყვება ადგილზე, ჩვენს თვალწინ", - აცხადებს ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, შედეგები იმდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, რომ საწიროა რუსეთს მიეცეს შანსი, აიცილოს თავიდან ნებისმიერი ის ქმედება, რომელიც ადმინისტრაციის აზრით, კატასტროფული იქნება. სწორედ ამიტომ, ამერიკა მოსკოვთან საუბრისთვის დიპლომატიურ არხებს ღიას ტოვებს.

"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება ამას მოჰყვება როგორც უმკაცრესი ეკონომიკური საფასური, ისე შეუქცევადი რეპუტაციული ზიანი, რომელიც გამოწვეული იქნება სისხლიანი ომის დაწყების არჩევანით და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის ხელყოფით. ორი პრეზიდენტი შეთანხმდა, რომ ჩვენს გუნდებს ექნებათ კავშირი მომდევნო დღეების განმავლობაში. ამის მიუხედავად, რუსეთმა შესაძლოა გადაწყვიტოს სამხედრო მოქმედების გაგრძელება. ეს, მართლაც ცხადი შესაძლებლობაა. თუ ის ამას გააკეთებს, უკრაინისთვის, ევროპული უსაფრთხოებისთვის და დიახ, რუსეთისთვისაც მიყენებული ზიანი დიდი იქნება", - განუმარტეს ჟურნალისტებს სატელეფონო საუბრის შემდეგ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

ამერიკული მხარე აცხადებს, რომ გრძელდება მუშაობა იმის თაობაზე, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება ძვირად დაუჯდეს. ამერიკამ პოლონეთში მოკავშირეების უსაფრთხოების გასაძლიერებლად კიდევ 3000 სამხედრო გააგზავნა. შეერთებული შტატების, კანადის, დიდი ბრიტანეთის და სხვა პარტნიორი ქვეყნების ლიდერები მზად არიან, ეკონომიკური სანქციები უსწრაფესად აამოქმედონ.

"რაც უნდა გადაწყვიტოს რუსეთმა, ჩვენი შეფასებით, მათი მცდელობა საკუთარი სტრატეგიული პოზიციების გაუმჯობესების თაობაზე, უკვე წარუმატებელია. და ეს მხოლოდ გამწვავდება, თუკი ისინი სამხედრო ნაბიჯების გადადგმას გადაწყვეტენ. ტრანსატლანტიკური ურთიერტობები ახლა იმაზე მჭიდრო და მიზნობრივია, ვიდრე დიდი ხნის განმავლობაში ყოდილა. ნატო ახლა უფრო ძლიერი და მიზანდასახულია. რუსეთი უკვე არის მზარდად იზოლირებული დანარჩენი მსოფლიოსგან და უფრო მეტად დამოკიდებული ძინეთზე. ორივე ქვეყანას გამოვლენილი აქვს, რომ მათო მსოფლმხედველობა ფუნდამენტურად განსხვავდება საერთაშორისო კანონმდებლობის მორჩილების მსოფლმხედველობისგან და იმ ღირებულებებისგან, რომლებისაც ჩვენ გვჯერა", - განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

ამერიკულმა მხარემ რუსეთის პრეზიდენტთან კიდევ ერთი ონლაინ შეხვედრის გამართვა მზარდი დაძაბულობის ფონზე გადაწყვიტა. რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. სამხედრო ძალა და შეიარაღება გაგზავნილია მეზობელ ბელარუსშიც, სადაც კრემლი ამას სამხედრო წვრთნებით ამართლებს. მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმას და აგრესიას არ გეგმავს, თუმცა ნატოს პროვოკაციებში ადანაშაულებს და მისგან "უსაფრთხოების გარანტიებს" ითხოვს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დასავლეთის ქვეყნების მიერ მოქალაქეებისთვის უკრაინის დატოვების რეკომენდაციას "ისტერიკულს" უწოდებენ, თუმცა განმარტავენ, რომ საელჩოს "ოპტიმიზაცია" თავადაც გადაწყვიტეს, მაგრამ ამის მიზეზი უკრაინული მხარისგან შესაძლო პროვოკაციაა.

პრეზიდენტ ბაიდენთან საუბრამდე, ვლადიმირ პუტინი ასევე ტელეფონით ესაუბრა ემანუელ მაკრონსაც, რომელიც ამ კვირის დასაწყისში მოსკოვშიც იმყოფებოდა. კრემლის მიერ სატელეფონო ზარის შეფასებისას ითქვა, რომ საუბარი დაძაბულობის შესამცირებლად მნიშვნელოვანი პროგრესით არ დასრულებულა.