რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში დიპლომატიური მისიის "ოპტიმიზაცია" ხდება

მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ შაბათს თქვა, რომ კიევში რუსეთის საელჩოს "ოპტიმიზაცია" მოხდა. ამის მიზეზად მან უკრაინის ან "მესამე ქვეყნის" მხრიდან შესაძლო სამხედრო ქმედებების და "პროვოკაციების" მოლოდინი დაასახელა.

ზახაროვას არ დაუკონკრეტებია "ოპტიმიზაცია" თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას გულისხმობდა თუ სხვა ქმედებებს, მაგრამ თქვა, რომ უკრაინაში მდებარე რუსეთის საელჩო და საკონსულო თავიანთი ფუნქციების შესრულებას განაგრძობენ.

რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. სამხედრო ძალა და შეიარაღება გაგზავნილი აქვს მეზობელ ბელარუსშიც, სადაც კრემლი ამას სამხედრო წვრთნებით ამართლებს. მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმას და აგრესიას არ გეგმავს, თუმცა ნატოს პროვოკაციებში ადანაშაულებს და მისგან "უსაფრთხოების გარანტიებს" ითხოვს.

"ჩვენ ვასკვნით, რომ ჩვენმა ამერიკელმა და ბრიტანელმა კოლეგებმა, ალბათ, იციან ზოგიერთი იმ სამხედრო ქმედების შესახებ, რომელიც უკრაინის მხრიდან მზადდება და რასაც შეუძლია მნიშვნელოვნად გაართულოს სიტუაცია უსაფრთხოების სფეროში. ამ სიტუაციაში, ვშიშობთ რა შესაძლო პროვოკაციებს კიევის რეჟიმისა თუ მესამე ქვეყნის მხრიდან, ჩვენ გადავწყვიტეთ უკრაინაში რუსეთის საგარეო მისიების გარკვეული ოპტიმიზაცია მოგვეხდინა", - განაცხადა მარია ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ტელეფონით შაბათს უკვე ისაუბრეს. ლავროვმა ბლინკენს უთხრა, რომ "ამერიკისა და მისი მოკავშირეების მხრიდან დაწყებული პროპაგანდის კამპანია უკრაინის წინააღმდეგ "რუსული აგრესიის" შესახებ პროვოკაციულ მიზნებს ემსახურება".

მარია ზახაროვამ კი გავრცელებული ცნობები და ევაკუაციის ბრძანებები დასავლეთის მხრიდან ისტერიკულ ნაბიჯებად შეაფასა. "თეთრი სახლის ისტერია იმაზე მეტზე მიუთითებს, ვიდრე ოდესმე. ანგლო-საქსებს ომი სჭირდებათ. ნებისმიერ ფასად. პროვოკაციები, დეზინფორმაცია და მუქარა მათთვის საკუთარი პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზაა", - თქვა ზახაროვამ.