უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ საპარატისტებთან ომი დაამთავროს, მაგრამ დონბასში მშვიდობის აღდგენა და ტერიტორიაზე კონტროლის დაწესება 90 პროცენტით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზეა დამოკიდებული.
უკრაინულ ტელეარხ "დიმთან" ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ ამ ეტაპზე პუტინთან შესაძლოა შეხვედრა გაიმართოს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კონფლიქტის დამთავრება მას "მართლა სურს".
"სამწუხაროდ, ყველაფერი ჩემზე არ არის დამოკიდებული. მე მჯერა და ამას საერთოდ არ ვმალავ -- და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჩემი მოსაზრება იცის -- რომ დონბასის დაბრუნებაში, უკრაინაში მშვიდობის დამყარებაში, ტერიტორიების დეოკუპაციაში წარმატების 90 პროცენტი ერთ ადამიანზეა დამოკიდებული", განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა
კიევსა და მოსკოვს შორის ორი პრეზიდენტის შეხვედრის დანიშვნაზე საუბარი უკვე რამდენიმე ხანია მიმდინარეობს, მაგრამ მხარეები შეხვედრის ადგილზე და განხილვის თემებზე ვერ თანხმდებიან.
კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი მზადაა პირისპირ შეხვედრისთვის, თუმცა ზელენსკისთან მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებზე სურს საუბარი და არ აპირებს აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე მსჯელობას. უკრაინულ მხარეს კი დონეცსკსა და ლუჰანსკში არსებული მდგომარეობა პრიორიტეტულ თემად მიაჩნია. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. ამასთან, რუსეთი ყირიმის უკანონო ანექსიას აგრძელებს.
Facebook Forum