ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობა იზრდება


იძულებით ადგილნაცვალი 33.3 მილიონი ადამიანიდან, დაახლოებით ორი მესამედი ხუთ ქვეყანაში იმყოფებ

ნორვეგიის ლტოლვილთა საქმეების საბჭოს ანგარიში აღნიშნავს, რომ იძულებით ადგილნაცვალი 33.3 მილიონი ადამიანიდან, დაახლოებით ორი მესამედი ხუთ ქვეყანაში იმყოფება. ესენია, სირია, კოლუმბია, ნიგერია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სუდანი.

გლობალურ სტატისტიკაში ნიგერია პირველად ჩართეს და ანგარიშში ნაჩვენებია, რომ 3.3 მილიონი ნიგერიელი, საკუთარი ქვეყნის შიგნით იძულებით არის გადაადგილებული.

ნორვეგიის ლტოლვილთა საქმეების საბჭოს გენერალური მდივანი, ჯენ ეგელანდი ამბობს, რომ ამ რიცხვში ის ნახევარი მილიონი ადამიანი შედის, რომლებსაც საკუთარი საცხოვრებელი 2013 წელს დაატოვებინეს.

„ნიგერიაში, გასულ წელს, 470 ათასი ადგალნაცვალი ადამიანიდან, 300 ათასი „ბოკო ჰარამსა“ და ამბოხების საწინააღმდეგო ძალებს შორის კონფლიქტის და „ბოკო ჰარამის“ მხრიდან ძალადობის გამო აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში. ასსამოცდაათმა ათასმა თემთა შორის კონფლიქტების გამო დასტოვა საკუთარი საცხოვრებელი. ნიგერიაში ამ რიცხვმა ერთიანად 470 ათასი შეადგინა.“

ანგარიშში ნათქვამია, რომ იძულებით ადგილნაცვალ ადამიანთა ყველაზე დიდი რაოდენობა, 6.5 მილიონი, სირიაშია. ეგელანდი სირიას ძალადობრივი იძულებით გადაადგილების ეპიცენტრს უწოდებს. სირიაში ყოველდღე 9500 ადამიანი, ანუ ყოველ 60 წამში ერთი ოჯახი თავის საცხოვრებელს იძულებით ტოვებს.

ეგელანდი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას კიდევ ერთ, მზარდ კრიზისად მოიხსენიებს, სადაც ბოლო ხანს, თითქმის ერთი მილიონი ადამიანი იძულებით აიყარა.

ის ასევე მიუთითებს სამხრეთ სუდანზე, სადაც 2013 წელს, 380 ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილდა და ლტოლვილთა მთლიანმა რაოდენობამ მილიონს მიაღწია.

ეგელანდი ამბობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის შიგნით ლტოლვილები აღმოჩნდნენ, აბსოლუტური კრიზისის მდგომარეობაში იმყოფებიან. იმის გამო, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავთ, ლტოლვილებისათვის გათვალისწინებული, საერთაშორისო დაცვის მექანიზმები მათზე არ ვრცელდება. ეგელანდი ამბობს, რომ ისინი დაცული არ არიან, უკიდურესად მოწყვლადი არიან და ხშირად არავითარ დახმარებას არ ღებულობენ.

ის ამბობს, რომ ანგარიშში მოყვანილი ციფრები ყველაზე უარესია მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ 1989 წელს ასეთი კატეგორიის ადამიანების აღრიცხვა დაიწყო.

„ეს, 1990-იანი წლების ყველაზე ცუდ პერიოდზეც კი უარესია, როცა ბოსნიაში და ბალკანეთის სხვა ადგილებში, ასევე რუანდაში და კონგოში გენოციდი ხდებოდა. მაშინ ამ რიცხვმა დაახლოებით 28 მილიონს მიაღწია. ამის შემდეგ კლება გვქონდა. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ 1995-96 წლებზე. 2000 წლიდან ამ კატეგორიის პირთა რაოდენობა განუხრელად იზრდებოდა, მაგრამ ბოლო ორი წელი, ამ მხრივ ყველაზე უარესი იყო.“

ეგელანდის თქმით, შიშობს, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საკუთარი სახლებიდან გარბიან, გაიზრდება. მან თქვა, რომ სხვადასხვა სახელმწიფოებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, რათა მილიონობით ადამიანის ტანჯვას ბოლო მოუღონ.
XS
SM
MD
LG