ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე არჩევნებმა და პოლიტიკურმა გაურკვევლობამ მსოფლიო ბაზრებზე უარყოფითი გავლენა იქონია. საბერძნეთის საფონდო ბირჟებზე აქციებზე ფასმა 7 პროცენტით დაიკლო, გერმანიაში და საფრანგეთში კი - 1 პროცენტზე მეტად დავარდა. იაპონიაში კლებამ - 2.8 , ჰონ-კონგის ბაზრებზე კი 2.6 პროცენტი შეადგინა.
საბერძნეთში და საფრანგეთში სახელისუფლებო ცვლილებები გატარებულ მკაცრ საბიუჯეტო შეკვეცებს ეჭვქვეშ აყენებს. საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ელექტორატს გერმანიის ლიდერობით მიღებული რეფორმების უკუქცევას პირდება. საბერძნეთშიც ძირითადად საბიუჯეტო შეკვეცების წინააღმდეგ გამოსულ პარტიებს მისცეს ხმა. ეს ყოველივე ზოგადად ევროზონის და მსოფლიო ეკონომიკის მომავალს ბუნდოვანს და არაპროგნოზირებადს ხდის.