ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტი-სამთავრობო დემონსტრაცია საბერძნეთში


ანტი-სამთავრობო დემონსტრაცია საბერძნეთში
ანტი-სამთავრობო დემონსტრაცია საბერძნეთში

საბერძნეთის პოლიციამ ასამდე მომიტინგე დააკავა, რომლებიც ანტი-სამთავრობო დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ. საბერძნეთის მოსახლეობის ნაწილი პრემიერ მინისტრ ჯორჯ პაპანდრეუს გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად კვლავ ქუჩაში გამოვიდა. საბერძნეთი სახელმწიფო დანახარჯების მორიგი შეკვეცისთვის ემზადება.

„ჩვენ ეს გადაწყვეტილება კატასტროფის თავიდან ასაცილებლად მივიღეთ. კატასტროფა ქვეყნისა და მისი მოსახლეობის გაკოტრება იქნება. ჩვენ ევროზონაში უნდა დავრჩეთ, ეს კი რთული გადაწყვეტილებების მიღებას და რთულ დათმობებზე წასვლას ნიშნავს,“ ერთ-ერთი გამოსვლისას განაცხადა პაპანდრეუმ.

ბევრი ბერძენი მთავრობის მოქმედებებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ უკვე ორი წელია მოსახლეობას ხელფასებს უმცირებენ და გადასახადებს უმატებენ. მაგრამ მიუხედავად ამ ზომებისა საბერძნეთის ეკონომიკა კვლავ უმძიმეს მდგომარეობაშია. ჰონ კონგში დაფუძნებული ფინანისტი ფრანსის ლუნი ამბობს, რომ ევროზონის ქვეყნებმა საბერძნეთის კრიზისის დასაძლევად ერთიანი მიდგომა ვერ შეიმუშავეს, რაც ქვეყანაში კრიზისის გამძაფრებას უწყობს ხელს.

„ევროპის ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი დირექტორი თანამდებობიდან პარასკევს გადადგა. ამან ევროპის ფინანსურ წრეებში შოკი გამოიწვია და ცხადად გამოაჩინა, რომ ევროპა არ არის გაერთიანებული საბერძნეთის ვალთან დაკავშირებული კრიზისის დასაძლევად. ამის გამო, საბერძნეთი საბოლოო ჯამში გაკოტრდება, რასაც წარმოუდგენლად მძიმე შედეგები მოჰყვება.“

ევროპული აქციების ფასმა ორი წლის მანძილზე უპრეცენდენტო ვარდნა განიცადა მას შემდეგ, რაც გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა ფილიპ როზლერმა კანცლერი ანგელა მერკელის თანდასწრებით განაცხადა, რომ ევროპელებმა უნდა დაუშვან იმის შესაძლებლობა, რომ საბერძნეთმა შესაძლოა სახელმწიფო სესხების გადახდა ვერ მოახერხოს.

თუ საბერძნეთი გაკოტრდა ევროზონის 17 წევრ ქვეყანას სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება. გარდა ამისა, საბერძნეთის ფინანსური კრიზისი გავლენას იქონიებს საფრანგეთის საბანკო სისტემაზე, რადგანაც საბერძნეთის სესხების დიდი ნაწილი ფრანგული ბანკების მიერაა გაცემული.

ეკონომისტები აცხადებენ, რომ საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაწყებული ევროპული ფინანსური პრობლემები შეიძლება ცოტა ხანში ამერიკის ეკონომიკის გაჯანსაღებაზეც უარყოფითად აისახოს. ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკას მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა აქვს, გამორიცხული არ არის, რომ ამერიკის ეკონომიკის დაღმასვლამ მორიგი გლობალური რეცესია გამოიწვიოს.

XS
SM
MD
LG