გერმანელმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს ევროზონის ქვეყნებისთვის დამატებითი სესხის გაცემას.
დღეს გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ ამ მიზნისთვის 593 მილიარდი დოლარი გამოყო. ევროპის ლიდერებმა ამის შესახებ ორი თვის წინათ მოილაპარაკეს.
საერთაშოროსო სავალუტო ფონდის, ევროპის ცენტრალური ბანკის და ევროკავშირის წარმომადგენლებმა დაასრულეს მოლაპარაკებები საბერძნეთის ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით.
მათ მიერ მიღწეული შეთანხმების შედეგად, საბერძნეთს 159 მილიარდ დოლარს გამოუყოფენ. საბერძნეთი იძულებულია არაპოპულარული ეკონომიკური რეფორმები გაატაროს ამ სესხის მიღების იმედით. ეს რეფორმები პირველ რიგში გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.
ამასობაში, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 593 მილიარდი დოლარი არ იქნება საკმარისი საბერძნეთის, ირლანდიის და პროტუგალიის ეკონომიკის აღორძინებისთვის. გარდა ამისა ფინანსურ დახმარებას ესპანეთი და იტალიაც საჭიროებს. ამისთვის კი რამდენიმე ტრილიონი დოლარია აუცილებელი.