იმ დღეს, როდესაც შიდა ქართლში, სოფელ ბერშუეთთან ოკუპაციის გასაპროტესტებლად ორი აქცია გაიმართა, ადამიანები თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან ახლად დამონტაჟებულ ბანერებსა და მცოცავ ოკუპაციაზე საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიპყრობას ცდილობდნენ, თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე საზოგადოების ნაწილმა, რომლის წარმომადგენლებს ხელისუფლებაში მოსვლის ინტერესი და ამბიცია აქვს, ეგრეთ წოდებული „ქართველთა მარში“ გამართეს. მისი ძირითადი მოთხოვნა საქართველოს ტერიტორიიდან უცხოელი მოქალაქეების დეპორტირება იყო. 2017 წლის 14 ივლისის ქართველთა მარშმა სოციალურ ქსელებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
მას უწოდეს ყველაზე სამარცხვინო დღე უახლეს ისტორიაში 2013 წლის 17 მაისთან ერთად, როდესაც საქართველოს ეკლესიასთან აფილირებულმა ჯგუფმა ჰომოფობიის გასაპროტესტებლად გამოსული ადამიანები დაარბია. სხვებთან ერთად, „ქართველთა მარშს“ სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა და გააკრიტიკა თათია დოლიძე, გაეროში საქართველოს ახალგაზრდების წარმომადგენელი. სწორედ მის მიმართ აგორდა აგრესიის მორიგი ტალღა „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორების მხრიდან. თათია დოლიძემ განცხადებით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, რადგან მუქარის შემცველ ტექსტებში მის მიმართ სექსუალური ძალადობის გამომხატველი მესიჯები არაერთგზის გაისმა.
ხელისუფლება მიიჩნევს, რომ „ქართველთა მარში“ გამოხატვის თავისუფლების უფლების ფარგლებს არ სცილდება. გუშინდელ დღემდე ერთადერთი მაღალჩინოსანი, ვინც ამ შემთხვევის შესახებ პოზიცია გამოხატა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გახლდათ. მან მას შემდეგ გააჟღერა საკუთარი პოზიცია ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციისა და ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ, რაც სოციალურ ქსელებში აგორებულ კამპანიას თათია დოლიძის წინააღმდეგ,ეგრეთ წოდებული „მაკომპრომეტირებელი“ მასალის გამოქვეყნება მოჰყვა.
სამართალდამცავების მიერ გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე დაბარებულმა მარშის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა გიორგი კორკოტაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ თათია დოლიძე სეპარატისტებთან მეგობრობს, რომ ეს კომპრომატია და მათთან ფოტოებსაც იღებს.
მინისტრ ციხელაშვილის განცხადებით, მისთვის, როგორც სამოქალაქო თანასწორობის მინისტრისთვის, რა სტრუქტურაც მოქალაქეების თანასწორობისა და კონსოლიდაციისთვის მუშაობს, ეთნიკური ნიშნით დევნის ფაქტები მიუღებელია. ქართული საზოგადოება დღეს უკვე აღარ ფიქრობს, რომ ოს ან აფხაზ მოქალაქეებთან ფოტოების გადაღება ან მათთან მეგობრობა რაიმე სახის კომპრომატია.
ხელისუფლების მხარდაჭერას ჩვენთან საუბრისას არასაკმარისად მიიჩნევს „ქალთა სოლიდარობის მარშის“ ერთ–ერთი ორგანიზატორი ბაია პატარაია: „საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არ არის სწორი იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ბოლო დროს ვითარდება. იგივე, „ქართველთა მარშის“ პრობლემაც იყო ის, რომ მიუხედავად გამოხატვის თავისუფლების უფლებისა, ჩვენ ხელი არ უნდა შევუწყოთ ქსენოფობიას. დანაშაულს ეროვნება არ გააჩნია, მაშინ რატომ ვსაუბრობთ ქსენოფობიაზე? ხშირად ზღვარი მიგრაციის კანონის გამკაცრებასა და ქსენოფობიას შორის არის წაშლილი და ხშირად, ეს განცხადებები სცდება ჩვეულებრივ რეგულირებას და გადადის ფაშიზმში. სასურველია, ხელისუფლება მიჯნავდეს ამ ყველაფერს, რასაც სამწუხაროდ არ აკეთებს. ყველანაირი საუბარი, მათ შორის სიძულვილის ენა არ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცული სიკეთე. ეს დადგენილია საერთაშორისო კონვენციებითა და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკით. სამუხაროდ, ქალთა სოლიდარობის მარშისადმი მხარდამჭერი დამოკიდებულება ხელისუფლების წარმომადგენლებს არ დაუფიქსირებიათ.“
ეს აქცია მას შემდეგ დაიგეგმა იგივე, აღმაშენებლის გამზირსა და მარჯანიშვილის მოედანზე, რაც „ქართველთა მარშის“ იდეის ავტორების მხრიდან არა მხოლოდ ქსენოფობიური, არამედ ქალთა მიმართ ძალადობის გამომხატველი რიტორიკა დაფიქსირდა.
ამერიკის ხმასთან საუბრისას „ჯიპას“ წარმომადგენელი თიკო ცომაია ამბობს, რომ ქსენოფობიის წინააღმდეგ საპროტესტო მუხტის გაჩენა საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია და მას მხარდაჭერა სჭირდება ხელისუფლების მხრიდან: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი გაჩნდა საზოგადოების იმ წევრებს შორის, ვისთვისაც მულტიკულტურალიზმი ღირებულებაა და გენდერული თვალსაზრისით, ეთნიკურობით, რასით და სხვა, ჩაგვრა არის პრობლემა. პრაქტიკულად, ეს იყო პასუხი: მარშის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს იმ ქალებს, რომელთა მიმართ ადგილი აქვს ძალადობას ჩვენს ქვეყანაში. გასაგებია, რომ საზოგადოებაში პროტესტი არის, რაღაც ჯგუფებისთვის ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფოს მხრიდან ერთ–ერთი მყარი მტკიცებულება, რაც პრაქტიკულად მუშაობს ძალადობისა და მისი ექსტრემალური ფორმების საწინააღმდეგოდ, რაც ამცირებს ფემიციდისა და ძალადობის შემთხვევებს, ესაა ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვა ავტორიტეტული წევრების მხრიდან ძალიან მკაფიო გზავნილები, რომ ყველა მოქალაქე დაცულია დისკრიმინაციისგან და ყოველგვარი ძალადობისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არაა ბოლომდე ამოქმედებული. ხელისუფლების მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელმა გააკეთა შეფასებები ამ შემთხვევის შესახებ.“
იმისთვის, რომ ძალადობის მაჩვენებელი ქვეყანაში შემცირდეს, რამდენიმე კრიტერიუმზე საზოგადოება და ხელისუფლება უნდა თანხმდებოდეს. თიკო ცომაია აღნიშნავს, რომ ღია და მკაფიო მესიჯები და მათი სიხშირე ამის ერთ–ერთი ინდიკატორია: „სოციალურ ქსელებში, რასაც თვალს ვადევნებდით, ჩანდა, რომ საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება იყო „ქართველთა მარშის“ გამო, მაგრამ გამოხატული მხარდაჭერა „ქალთა სოლიდარობის მარშის“ მიმართ, ან გამოხატული უარყოფა, ძლიერი მესიჯები, არ ისმოდა. მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცით – ესაა ძალიან მნიშნვნელოვანი და ძალადობის ერთ–ერთი შემაკავებელი ფაქტორი. საზოგადოებამ რომ იგრძნოს თავი უსაფრთხოდ, მან უნდა იცოდეს, რომ ავტორიტეტული პირები, ხელისუფლება გმობენ დისკრიმინაციის შემთხვევებს და ყოველმხრივ ადასტურებენ, რომ ადამიანები უნდა იყვნენ დაცულები დისკრიმინაციისგან. ჩვენ ეს მოძრაობა ჯერ–ჯერობით არ შეგვხვდა. ეს გახლავთ გამოწვევა ჩვენი ხელისუფლებისთვის.“
დღეს „ქართველთა მარშის“ თაობაზე საკუთარი დამოკიდებულება საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემაც გამოხატა, რომელიც ამბობს, რომ საზოგადოება უკიდურესად გაღიზიანებულია ამ იდეისა და მისი შედეგების გამო, რომ დაპირისპირება და ქსენოფობია მიუღებელია, ეს ყველაფერი ერთად კი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.
თათია დოლიძის საქმის თაობაზე გამოძიება დაწყებულია. მის შედეგებს „ამერიკის ხმა“ დაუბრუნდება.
Facebook Forum