იქნება თუ არა კიდევ ერთი გადატვირთვა რუსეთთან? პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რუსეთის მიმართ პოლიტიკაზე საუბრისას, ეს კითხვა ხშირად ისმის.
ამ თემაზე საჯარო დებატები ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე დაიწყო. პოლიტიკური სპექტრის მოწინააღმდეგე მხარეს მყოფი გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების ერთი ნაწილი ამბობდა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გადახედვა და ახლებური მიდგომაა საჭირო. მათი მოწინააღმდეგეები კი აცხადებდნენ, რომ ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ ამერიკის მხრიდან გადადგმული ნებისმიერი ცალმხრივი ნაბიჯი შეცდომა იქნება.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ გლობალური პოლიტიკის მიმართულებით, პოლა დობრიანკიმ „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ ჯერ უცნობია, ექნება თუ არა ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთთან ურთიერთობების გადახედვის პოლიტიკა. თუმცა, ამ დრომდე გადადგმულ ზოგიერთ ნაბიჯზე დაყრდნობით, ის გადატვირთვის ნიშნებს ვერ ხედავს.
„არ უნდა გავაგრძელოთ ლეღვის ფოთლების დაფარება მაშინ, როცა სანაცვლოდ ვერაფერს ვიღებთ. ეს პირველი საკითხია. მეორე საკითხი ისაა, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები და ჩვენი მოკავშირეები, პარტნიორები და მეგობრები. [...] აქტიურად უნდა ვიფიქროთ ნატოზე, ჩვენს სამხედრო განლაგებაზე, ევროპაში მოწინავე დისლოცირებაზე, იმაზე, თუ როგორ უნდა მივუდგეთ არქტიკას, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი არქტიკაში ბაზებს აშენებს“, თქვა დობრიანსკიმ.
ბაიდენის ადმინისტრაციას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ თუ რუსეთთან დამოკიდებულებას შეცვლიან, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები გაუმჯობესდება. ურთიერთობა არ გაუმჯობესდება. 6 იანვარს კაპიტოლიუმში ბრბოს შეჭრამდე რუსები იმეორებდნენ შეთქმულების თეორიებს, რომ ამერიკაში არჩევნები გაყალბდა.
ბაიდენის ადმინისტრაციის გათვლებზე საუბრისას, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთზე რამდენიმე წიგნის ავტორი ანჯელა სტენტი ამბობს, რომ „ბაიდენის ადმინისტრაციას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ თუ რუსეთთან დამოკიდებულებას შეცვლიან, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები გაუმჯობესდება. ურთიერთობა არ გაუმჯობესდება. 6 იანვარს კაპიტოლიუმში ბრბოს შეჭრამდე რუსები იმეორებდნენ შეთქმულების თეორიებს, რომ ამერიკაში არჩევნები გაყალბდა. მათ ასევე, ბოლო წუთამდე არ აღიარეს ბაიდენის არჩევნებში გამარჯვება“. სტენტს მიაჩნია, რომ ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ბაიდენმა კრემლს მეგობრული ხელი არ გაუწოდოს.
რუსეთის ინტერესებში კი შედის ბაიდენის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება. ამის საფუძვლად მოსკოვი შესაძლოა „ახალი სტარტის ხელშეკრულების“ განახლებას მიიჩნევდეს. მოსკოვს ასევე სურს დიდ შვიდეულში დაბრუნება. ინდუსტრიული დემოკრატიების ეს ჯგუფი, რომელშიც ამერიკა, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და გაერთიანებული სამეფო შედიან, 1997 წელს შეიქმნა. პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს, 2013 წელს რუსეთი ჯგუფის მერვე წევრად მიიწვიეს და დიდი შვიდეული დიდ რვიანად იქცა. თუმცა, ერთ წელში, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა, რუსეთი ჯგუფიდან გააძევეს.
დობრიანსკის მიაჩნია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მიზანი ის უნდა იყოს, რომ „რუსეთი არ უნდა დაბრუნდეს დიდ შვიდეულში იმის გამო, რომ მისი მოქმედებები ან ნაბიჯს არ ამართლებს“.
ექსპერტების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ რუსეთთან რაღაც სახის სამუშაო ურთიერთობა უნდა შენარჩუნდეს. უპირველეს ყოვლისა, ეს სტრატეგიული სტაბილურობის მიმართულებას და მასობრივი განადგურების იარაღის კონტროლს ეხება. „ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის“ ვიცე-პრეზიდენტი რობინ შეპარდი ამბობს, რომ მიღებული გამოცდილებიდან და ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე, ბაიდენი „უფრო მკაცრი იქნება [რუსეთთან] ვიდრე პრეზიდენტი ობამა იყო. ობამამ რუსეთთან „გადატვირთვა“ დაიწყო, რაც საბოლოო ჯამში, საკუთარი თავის მოტყუების სავარჯიშო იყო. ურთიერთობის გადატვირთვა თავისთავად კარგი ნაბიჯია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მეორე მხარესაც სურს. რუსეთი არაფრის გადატვირთვას არ აპირებს. ვფიქრობ, ჯო ბაიდენს ეს ესმის. იქნება თანამშრომლობა ზოგიერთ სფეროში, მაგრამ ასევე შენარჩუნდება დაძაბული ურთიერთობაც, რომელიც ალბათ, მხოლოდ რიტორიკით შემოიფარგლება“, ამბობს შეპარდი.
ობამამ რუსეთთან „გადატვირთვა“ დაიწყო, რაც საბოლოო ჯამში, საკუთარი თავის მოტყუების სავარჯიშო იყო. ურთიერთობის გადატვირთვა თავისთავად კარგი ნაბიჯია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მეორე მხარესაც სურს. რუსეთი არაფრის გადატვირთვას არ აპირებს.
ბაიდენის პოლიტიკა რიტორიკის დონეზე დარჩება, თუ ქმედითი ნაბიჯებით განისაზღვრება, იმაზეც იქნება დამოკიდებული თუ როგორი რეაქცია ექნება თეთრ სახლს „სოლარუინდის“ სახელით ცნობილ უპრეცედენტო და მასობრივ კიბერ-თავდასხმაზე. ამერიკის სადაზვერვო სამსახურების დასკვნით, თავდასხმა რუსეთმა განახორციელა. თავდასხმის დროს ჰაკერებმა კონფიდენციალური ინფორმაციის მფლობელ 18 000 კომპანიაზე, მათ შორის, „მაიკროსოფტზე“ მოიპოვეს წვდომა. მათ ასევე შეაღწიეს ამერიკის მთავრობის სხვადასხვა შრეების ათობით საიდუმლო სისტემაში.
დობრიანსკის მიაჩნია, რომ ამ თავდასხმაზე რეაგირების გაკეთება „აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობის“ იქნება. მისი აზრით, „ამ საკითხების გადასაჭრელად ხელშესახებ და კონკრეტულ გზებს, ნატოს ფარგლებში უნდა ვეძებდეთ. უნდა მოვნახოთ გზები, რომლებიც კელექტიურ მოქმედებებზე იქნება დაფუძნებული და რომლებსაც რეალური გავლენის მოხდენა შეეძლება რუსეთზე“.
ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ექსპერტები ევროპის ენერგო დამოუკიდებლობას და ენერგო რესურსების დივერსიფიკაციას ასახელებენ. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია რუსული „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ აშენების წინააღმდეგი იყო. მილსადენმა რუსული გაზი გერმანიამდე უკრაინისთვის გვერდის ავლით, ბალტიის ზღვის ფსკერზე დაგებული მილსადენით უნდა მიიტანოს. კონგრესის ორპარტიული თანხმობით, ტრამპმა მილსადენს სანქციები დაუწესა და მისი მშენებლობა დროებით შეფერხდა. თუმცა, მოსალოდნელია, რომ პროექტი მაინც მალე დამთავრდება, რადგან რუსეთი მის ბოლო ფაზას, ძირითადად, საკუთარი რესურსით ამთავრებს და გერმანია პროექტის განხორციელებას აქტიურად უჭერს მხარს.
არ შეიძლება ვიყოთ კომფორმისტები, ჩვენს ღირებულებებზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ და ეს მძლავრად უნდა გავაკეთოთ. უნდა მოვახდინოთ ძალის დემონსტრირებაც, იქნება ეს არქტიკაში თუ ევროპაში.
დასავლეთის ენერგო დამოუკიდებლობის შენარჩუნებასთან ერთად, ექსპერტები დასავლური ღირებულებების დაცვის საჭიროებაზეც საუბრობენ. „ამ ღირებულებებს ხშირად ესხმიან თავს. ჯერ კიდევ 2007 წელს თქვა პუტინმა, რომ დასავლური ფასეულობები რუსული ფასეულობები არ არის. ამ თვალსაზრისით არ შეიძლება ვიყოთ კომფორმისტები, ჩვენს ღირებულებებზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ და ეს მძლავრად უნდა გავაკეთოთ. უნდა მოვახდინოთ ძალის დემონსტრირებაც, იქნება ეს არქტიკაში თუ ევროპაში", ამბობს ელჩი დობრიანსკი.
ღირებულებებში, რომელთა დაცვაზეც დობრიანსკი საუბრობს, დემოკრატიული პრინციპები, კანონის უზენაესობა, ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა შედის. პრეზიდენტმა ბაიდენმა საჯაროდ არაერთხელ განაცხადა, რომ ის დემოკრატიების ფორუმს მოიწვევს და მათ გაძლიერებაზე იზრუნებს. როგორი გავლენა ექნება დემოკრატიების ხელშეწყობის პოლიტიკას თეთრი სახლის კრემლის მიმართ პოლიტიკაზე, ამას სავარაუდოდ, პრეზიდენტ ბაიდენის მმართველობის პირველი სამი თვის ბოლოს გავიგებთ.
Facebook Forum