კვირას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საპრეზიდენტო განკარგულების ხელმოწერამ, რომლის მიზანიც პანდემიით დაზარალებული ამერიკელების დახმარება იყო, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ვერ ჩაანაცვლებს კომპლექსურ შეთანხმებას, რომელზეც მოლაპარაკება თეთრ სახლს და კონგრესის დემოკრატ ლიდერებს შორის, ორი კვირის მანძილზე უშედეგოდ გრძელდებოდა.
წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი სპიკერი ნენსი პელოსი პრეზიდენტის საქციელს "მწირს, სუსტს და არაკონსტიტუციურს" უწოდებს. პელოსი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი პრობლემას ვერ გადაჭრის, "ამერიკელთა ჯიბეში ფულის მოხვედრას საკმაო დრო დასჭირდება" და ამიტომ მოუწოდებს პრეზიდენტს ნაწილობრივ მაინც წავიდეს დათმობებზე, რათა მათ შორის შეთანხმება შედგეს.
პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის შემდეგ, შეერთებულ შტატებში უმუშევართა რაოდენობა დაახლოებით 30 მილიონია. ივლისის ბოლოს ვადა გაუვიდა დროებით რეგულაციას, რომელიც მათთვის კვირაში 600 დოლარით დახმარებას უზრუნველყოფდა.
შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის, სტივენ მნუჩინის თქმით, საპრეზიდენტო განკარგულება მისი "პირველი არჩევანი" არ იყო, თუმცა ის შეთანხმების ჩაშლაში კონგრესის დემოკრატ ლიდერებს, ნენსი პელოსის და ჩაკ შუმერს ადანაშაულებს. მნუჩინი აცხადებს, რომ თეთრი სახლი თანახმაა დახმარების გაზრდაზე, მაგრამ "არა ტრილიონი დოლარით", რასაც დემოკრატები ითხოვენ.
ხაზინის მდივნის შეფასებით, დემოკრატების მოთხოვნებს შესრულების შანსი არ აქვს. კონგრესის რესპუბლიკელები სენატში ტრილიონი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტზე არიან შეთანხმებულები, დემოკრატების მიერ კონტროლირებული წარმომადგენელთა პალატა კი ამერიკელებისთვის 3 ტრილიონი დოლარის ეკონომიკური სტიმულირების პაკტეს ითხოვს.
მხარეებს შორის ერთ-ერთ მთავარ წყალგამყოფად ისევ უმუშევრობის დახმარება რჩება. დემოკრატებს უმუშევრობის $600-იანი ფედერალური დახმარების წლის ბოლომდე გაგრძელების სურვილი აქვთ. პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებაში უმუშევართა დახმარებისთვის კვირაში 400 დოლარია გამოყოფილი. ამასთან, საპრეზიდენტო განკარგულების თანახმად, დახმარების ნაწილი - $100, შტატის მთავრობამ უნდა გადაიხადოს. პელოსი ამბობს, რომ "შტატებს ამის გაკეთების საშუალება არ აქვთ". მნუჩინის თქმით კი, "შტატებს უკვე გაწეული დახმარებიდან შეუძლიათ" სახსრების მოძიება.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და თეთრი სახლი მოელიან, რომ საპრეზიდენტო განკარგულება სასამართლოში გასაჩივრდება. შეერთებული შტატების კონსტიტუციის მიხედვით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი კონგრესმა უნდა დაამტკიცოს და მისი განკარგვა პრეზიდენტის პრეროგატივა არ არის.
Facebook Forum