სირიის საკითხის ირგვლივ რამდენიმე კვირიანი მსჯელობის შემდეგ, ვაშინგტონის მთავარი ყურადღება ისევ ფისკალურ თემაზე ინაცვლებს. თუკი საბიუჯეტო პრობლემები დათქმულ ვადებში არ მოგვარდა, შეერთებული შტატების ხელისუფლების საქმიანობას საფრთხე შეექმნება და ამერიკის საკრედიტო დონე შესუსტდება.
სავარაუდოდ დღეს, პრეზიდენტი ბარაკ ობამა ძალიან მნიშვნელოვან, საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფედერალური ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან და პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით კონგრესში ორპარტიული კონსულტაციები დაიწყო. პროექტის მთავარი კომპონენტი, რომელიც ობამას დაზღვევის რეფორმის სახელით არის ცნობილი, პირველი ოქტომბრიდან უნდა შევიდეს ძალაში.
პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ ამერიკის ფისკალური მდგომარეობა უმჯობესდება.
„თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ ქვეყნის დეფიციტი ორჯერ შემცირდა. შენარჩუნებულია შემცირების სამომავლო ტენდენციაც. თუ გსურთ, რომ დეფიციტი ისევ შემცირდეს, ბიუჯეტში უკვე გავითვალისწინეთ ის მომენტები, რაც ამის განხორციელების საშუალებას მოგვცემს."
რესპუბლიკელი კანონმდებლები ამ საკითხის მიმართ უკმაყოფილებას ვერ მალავენ. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.
"ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ რომ გაუქმდეს, არ დაფინანსდეს ობამას მიერ წარმოდგენილი რეფორმის პაკეტი. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი გეგმიდან, უმუშევრობას პრობლემის გადაწყვეტას ეხება, რაც მასობრივი დეფიციტის მიზეზით წარმოიშვა. სერიოზული მიდგომა სჭირდება დავალიანების საკითხსაც, რომელიც ამერიკის ეკონომიკას ზიანს აყენებს და საფრთხის ქვეშ აგდებს ჩვენი შვილების და შვილიშვილების ამერიკულ ოცნებას“, განაცხადა ბეინერმა.
ამ დროისთვის, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრები როგორც ჩანს, ამ მიზნების მისაღწევი სტრატეგიის შესახებ დავობენ. სამომავლოდ დაგეგმილი საშინაო ხარჯების შეკვეცა, როგორც ამას რესპუბლიკელები გეგმავენ, დემოკრატების მხრიდან მხარდაჭერილი არ იქნება, აცხადებს წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი ნენსი პელოსი.
„ეს იდეაა, რომლის განხორციელებისთვისაც იბრძვით. ძალიან გულუბრყვილოა- დეფიციტის შემცირების მიზნით განათლების ხარჯების შემცირება გსურთ. ეს არ მოხდება. განათლების სფეროში ინვესტიციის განხორციელება ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს და ამ გზით ხაზინაში თანხის მობილიზება ხდება,“ განაცხადა ნენსი პელოსიმ.
ასევე თეთრი სახლი აცხადებს, რომ ხელმისაწვდომ დაზღვევის პროექტთან დაკავშირებით რომელიც ობამას დაზღვევის რეფორმით არის ცნობილი - პოლიტიკურ ვაჭრობას არ გამართავს.
თეთრი სახლის პრეს სპიკერმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ „ ისინი არცერთ შემოთავაზებას არ დაუჭერენ მხარს, რომელიც ობამას დაზღვევის რეფორმის განხორციელებას შეაფერხებს, ან მის დაუფინანსებლობას გამოიწვევს. ხელისუფლების მიმართ მათი დათხოვნის თაობაზე გამოთქმული მუქარა იდეოლოგიური პოზიციისგან შორს დგას და ამერიკელების უმრავლესობა ამ მოსაზრებას მხარს არ დაუჭერს.“
თუკი სახელმწიფო სესხის გადავადება არ მოხდა, ამერიკის მთავრობას ბიუჯეტის განკარგვის უფლებამოსილების ვადა ამ თვის ბოლოს ეწურება. ხოლო ერთ კვირაში ხელისუფლება სახელმწიფო სესხის დადგენილ ზღვარს მიუახლოვდება.