ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმპორტზე კონტროლის გაზრდის ინიციატივა


ამერიკის სურსათის და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაცია იმპორტზე ახალი სტანდარტის დაწესების წინადადებით გამოდის

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:42 0:00
ბმული

შეერთებულ შტატების საკვების და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაციის მონაცემებით, ქვეყანაში გაყიდული საკვები პროდუქტის 15 პროცენტი იმპორტირებულია. ამჟამად სააგენტო იმპორტის ხარისხის კონტროლირების საკითხში უშუალოდ საზღვრებზე დაწესებული ინსპექციების იმედითაა. ინსპექტორები კი შემოსული პროდუქციის მხოლოდ 2 პროცენტის შემოწმებას თუ ახერხებენ.

საკვების და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაციის უმაღლესი კომისრის მოადგილე, მაიკლ ტეილორი აცხადებს, რომ სიტუაცია მალე შეიცვლება: „მიდგომა იცვლება და იცვლება უფრო პრევენციული პოლიტიკისკენ. კვების მრეწველობა პასუხისმგებელი იქნება პრობლემების აღკვეთის და პრევენციული ნაბიჯების გადადგმაზე და მათ დოკუმენტირებაზე“ - აღნიშნავს მაიკლ ტეილორი.

მისი თქმით, ადმინისტრაცია იმპორტიორებს მოსთხოვს მთელი წარმოების და მომარაგების ჯაჭვის შემოწმებას, ფერმიდან დაწყებული, მაღაზიის დახლით დამთავრებული. მათ უნდა კონკრეტულად მიუთითონ, თუ სად და რა სახის საფრთხეებია ამ გზაზე მოსალოდნელი. შემდეგ კი წარმოადგინონ იმის დოკუმენტური დასაბუთება, თუ რა გააკეთეს არსებული საშიშროებების აღკვეთისთვის.

საკვების და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაციის წარმომადგენელი იმპორტზე დაწესებულ ახალ რეგულაციებზე საუბრობს, რომელიც არამარტო შეერთებულ შტატებში შემოტანილი სურსათის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, არამედ სტანდარტს თვითონ იმპორტიორ ქვეყანაშიც გააუმჯობესებს:

მაიკლ ტეილორის თქმით, სააგენტო მოვალე გახდება „იმუშაოს უცხოეთის ქვეყნების მთავრობებთან, რათა მათ საკვები პროდუქციის ინსპექტირების შესაბამისი რეგულაციები დანერგონ. ეს უსაფრთხოებას არამარტო შეერთებული შტატებისთვის განკუთვნილი პროდუქციისთვის უზრუნველყოფს, არამედ თავად ამ ქვეყნებისთვისაც გამოსადეგი იქნება“.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია განვითარებადი ქვეყნების მთავრობებისთვის, რომელსაც შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაცია საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებაში დაეხმარება - აცხადებს შერილ დიმი, ამერიკული სანელებლების სავაჭრო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. ის ახლახან მომხდარ ინციდენტს იგონებს, რომლის დროსაც იმპორტირებული სანელებლების გამო ქვეყანაში დაავადებამ იფეთქა. მაგრამ შერილ დიმი ყურადღებას სულ სხვა პრობლემაზე ამახვილებს, კერძოდ - ცვლილებების ფინანსურ მხარეზე, რომელსაც ასოციაციასთან ერთად ბევრი სხვა კომპანია იზიარებს.

„ისინი სწორ გადაწყვეტილებას ემხრობიან. კომპანიებს სურთ, რომ ახალ რეგულაციებთან საკუთარი წარმოება შესაბამისობაში მოიყვანონ. მაგრამ მათ აინტერესებთ იმპორტის ახალი სტანდარტის შემოღების ღირებულება, ის, თუ საბოლოო ჯამში რა დაუჯდება ეს ცვლილება კონკრეტულად მათ ფირმებს“ - ამბობს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

მოსალოდნელი ცვლილებებისთვის გათვალისწინებულ დანახარჯებზე მსჯელობა ჯერ არ დასრულებულა. სურსათის და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ უცხოურ კომპანიებს პრევენციული ზომების გატარება 300-დან 500 მილიონ დოლარამდე დაუჯდება. მათი დანერგვისთვის ამერიკულ ადმინისტრაციასაც დამატებით 500 მილიონი დასჭირდება. ამ ეტაპზე გაურკვეველი რჩება, საიდან უნდა დაფინანსდეს აღნიშნული ცვლილებები. პრეზიდენტი ობამა თვლის, რომ კომპანიებმა დანახარჯების ნაწილი თავად უნდა დაფარონ. თუმცა კვების მრეწველობაში დასაქმებულ ფირმებს ეს იდეა არ მოსწონთ.

2 წელიწადნახევარზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესმა კვების მრეწველობის უსაფრთხოების მეტად რეგულირების აუცილებლობაზე დაიწყო მსჯელობა. ამასობაში დაავადებებმა იმპორტირებული საქონლის გამო რამოდენიმეჯერ იფეთქა. მიზეზი ხან მანგო, ხან პაპაია, სეზამის პასტა, ბროწეული, თუ სხვა პროდუქტი იყო - ამბობს სანდრა ესკინი პიუს საქველმოქმედო ფონდის საადვოკატო ჯგუფიდან.

ბოლო პერიოდში გავრცელებული დაავადებები კიდევ უფრო უსვამს ხაზს ახალი კანონმდებლობის დანერგვის აუცილებლობას და იმას, თუ რამდენად სასწრაფოა ამ რეგულაციების შემოღების საქმის ბოლომდე მიყვანა. რაც უფრო მეტ დროს წაიღებს ეს საქმე, მით უფრო მეტი ადამიანი დაავადდება“ - აღნიშნავს სანდრა ესკინი.

ცვლილებები იოლი დასანერგი არ არის. მსგავსი რეგულაციების შემოღებამდე საკანონმდებლო რევიზიისთვის და საზოგადოებრივი აზრის შესწავლისთვის სულ ცოტა წელიწადნახევარია საჭირო. ამის შემდეგ კიდევ დამატებით ერთი წლიწადი, ან უფრო მეტი, მათ დანერგვას დასჭირდება.
XS
SM
MD
LG