ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში წყლის პრობლემების გამო ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს ირანის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ რამდენიმედღიანი არეულობის შემდეგ, მოკლულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი
"უფლებადამცველების საინფორმაციო სააგენტოს" მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში შუშანგერდში, ბოლოდროინდელი პროტესტის ეპიცენტრში მომხდარი სროლა ჩანს. პოლიციის ოფიცერი პისტოლეტიდან ჰაერში ისვრის. ამავე ვიდეოში კიდევ ერთი გასროლა ისმის. პოლიციელები მოტოციკლეტით სწრაფად გადაადგილდებიან და დემონსტრანტებს ცეცხლს უხსნიან. მსგავს ინფორმაციას ავრცელებს "ასოშეითედ პრესიც".
კვირას, ხუხესტანის გუბერნატორის მოადგილემ აღიარა, რომ არეულობისას, სულ მცირე, ერთი ადამიანი იყო მოკლული. სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მაღალჩინოსანი მოქალაქის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას თავად დემონსტრანტებს აკისრებს. ირანის ხელისუფლება ხშირად ადანაშაულებს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ამა თუ იმ დემონსტრანტის გარდაცვალებაში. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მასალა ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან პროტესტის ჩახშობის სასტიკ გზებს.
ხუზესტანის პროვინციაში ეთნიკურად არაბი მოსახლეობა ცხოვრობს, რომლის წარმომადგენლებიც წლებია ირანის შიიტური თეოკრატიული მმართველობის მხრიდან დისკრიმინაციისა და შევიწროვების გამო წუხან. არაბი სეპარატისტები თავადაც არაერთ თავდასხმაზე არიან პასუხისმგებელნი. თუმცა ამჯერად პროტესტი წყლის პრობლემითაა გამწვავებული. ხელისუფლება ამას გვალვას უკავშირებს.
Facebook Forum