ამ კვირაში, შეერთებული შტატების საგანგებო დესპანი ვენესუელაში, ელიოტ აბრამსი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი რომში შეხვედრას გამართავენ, რათა ვენესუალაში ვითარების გაუარესების თაობაზე იმსჯელონ.
რუსეთისთვის, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად რჩება.
მოსალოდნელია, რომ ორშაბათს და სამშაბათს, რომში შეერთებული შტატების საგანგებო დესპანთან შეხვედრისას, რუსი ოფიციალური პირები ყურადღებას ამ საკითხზე გაამახვილებენ.
შეერთებულმა შტატებმა და დაახლოებით 50-მა სხვა ქვეყანამ, ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად სცნო.
კვირას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა „ინტერფაქსს“ უთხრა, რომ რუსეთი კიდევ გააჟღერებს თავის პოზიციას, რომ სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში შეერთებული შტატების სამხედრო ჩარევა მიუღებელი იქნება.
„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, რიაბკოვმა განაცხადა, რომ „ამ საკითხისადმი მოსკოვის და ვაშინგტონის მიდგომები დიამეტრიულად საწინააღმდეგოა, მაგრამ ეს არ არის მიზეზი, რომ არ ვისაუბროთ.“
ასევე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რიაბკოვმა თქვა, რომ შეერთებული შტატების წნეხის მიუხედავად, რუსეთის მთავრობა ვენესუელასთან ბევრ სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკის და სამხედრო სფეროში თანამშრონლობას გააგრძელებს.
რუსეთი და სხვა ქვეყნები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციები ზიანს მხოლოდ მოსახლეობას აყენებს. სანქციების გადასალახად მადუროს მთავრობის დასახმარებლად, რუსეთმა ვენესუელაში სურსათი და სამედიცინო დახმარება გაგზავნა.
აბრამსმა სანქციები გაამართლა და თქვა, რომ ეს მხოლოდ დროებითი ბერკეტია. საგანგებო დესპანმა თქვა, რომ „ამის დანიშნულება ისაა, რომ ადამიანებს საქციელის შეცვლისკენ უბიძგოს. როდესაც ვიზების გაუქმების სახით სანქციებს ვაწესებთ, ძალიან ნათლად ვაჩვენებთ, რომ ეს შეიცვლება, თუ ადამიანები საქციელს შეცვლიან. ეს უბრალოდ სასჯელი არ არის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს მოქმედების კურსის შეცვლას გამოიწვევს.“
აბრამსმა ასევე უარყო პრეზიდენტ მადუროს მტკიცება, რომ ოპოზიციის ლიდერი გუაიდო შეერთებული შტატების მიერ დაგეგმილი პუტჩის თანამონაწილეა. „ბრალდება, რომ გუაიდო შეერთებული შტატების მარიონეტია, ვფიქრობ პირველ რიგში სასაცილოა და მეორე, ამის უსაფუძვლობა მრავალგზის დადასტურდა. მათ შორის იმით, რომ მას ბევრი ქვეყანა უჭერს მხარს.“
აბრამსს მიაჩნია, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და კრიზისზე მადუროა პასუხისმგებელი და ის უნდა გადადგეს. საგანგებო დესპანის თქმით, „ეს ეკონომიკური კრიზისი ახალი არ არის. ვენესუელის დღევანდელი მდგომარეობა, რეჟიმის შიგნით, წლების განმავლობაში არსებული კორუფციის, არაკომპეტენტურობის და მექრთამეობის შედეგია. პრობლემა ესაა და მისი გადაწყვეტა, ამ რეჟიმის დემოკრატიული მთავრობით ჩანაცვლებაა, რომელიც ხალხის საჭიროებებს ნამდვილად უპასუხებს.“
პარასკევს ელექტროენერგიის მასიური გათიშვის შემდეგ, ვენესუელამ საბაზისო ობიექტების, როგორიცაა ელექტრო და წყალმომარაგება, დასაცავი ქვედანაყოფი შექმნა.
ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესის თანახმად, ახლა პრეზიდენტი მადურო თავისი მთავრობის „ღრმა რესტრუქტურიზაციას“ გეგმავს.
Facebook Forum