ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაცლავ ჰაველის სტიპენდია მედიის გაძლიერიებისთვის


ჟურნალისტი ვაჟა თავბერიძე (ცენტრში). "რადიო თავისუფლების" ფოტო.
ჟურნალისტი ვაჟა თავბერიძე (ცენტრში). "რადიო თავისუფლების" ფოტო.

„რადიო თავისუფლება“, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე მაუწყებელი, ყოველ წელს ვაცლავ ჰაველის სახელობის სტიპენდიას აცხადებს ჟურნალისტებისთვის. სტიპენდიის მიზანია დაეხმაროს დამწყებ და გამოცდილ ჟურნალისტებს მიიღონ გამოცდილება, დამყარონ კონტაქტები საერთაშორისო მასშტაბით და აძლევს უნიკალურ შესაძლბელობას, იმუშაონ „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისისთვის.

„საინტერესოა იმით, რომ თუ ხარ დამწყები ჟურნალისტი, გასწავლიან. თუ ხარ უკვე მეტ-ნაკლებად შემდგარი ჟურნალისტი, სწავლება, რადგან უკვე იცი, გადადის მეორე ფონზე, და უშუალოდ ერთვები მუშაობის პროცესში და იქიდან ღებულობ გამოცდილებას და რა თქმა უნდა, ამ მხრივ მიღებული პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია“,- ამბობს ვაჟა თავბერიძე, ქართველი ჟურნალისტი, რომელმაც წელს ჰაველის სახელობის სტიპენდია მიიღო.

სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, უკრაინასა და რუსეთში მცხოვრებ ჟურნალისტებს. ისინი „რადიო თავისუფლების“ სათაო ოფისში მუშაობენ და ყველას საკუთარი პროექტი აქვს, რომელზეც 6-თვიანი სტაჟირების ფარგლებში მუშაობს.

ვაჟა თავბერიძე გეგმავდა, რომ პრაღიდან ისეთი ქვეყნების წარმომადგენლებთან ჩაეწერა ინტერვიუები, რომლებსაც უკვე გავლილი აქვთ ევროინტეგრაციის გზა და საკუთარ გამოცდილებას ქართველებსაც გაუზიარებდნენ. თუმცა, ისევე როგორც სხვა დანარჩენზე, უკრაინის ომმა, ვაცლავ ჰაველის პროგრამის მონაწილეებზეც იქონია გავლენა. ვაჟამ საკუთარი თემა შეცვალა და უკვე რამდენიმე თვეა, რაც აქტიურად წერს ინტერვიუებს უკრაინის ომის თემაზე.

ამბობს, რომ უკრაინის ომმა განსაკუთრებით ცხადად გამოაჩინა დეზინფორმაციის, ყალბი ამბებისა და რუსული პროპაგანდის სიმწვავე. ამავე დროს ისიც, როგორი მნიშვნელოვანია პროდასავლური პროგრამები, რომლებიც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს, მათ შორის ჟურნალისტებს მეტ გამოცდილებას და ცოდნას აძლევს.

„არც მანამდე გვაკლდა, რა თქმა უნდა, ნიაღვარი, დეზინფორმაციის, ყალბი ნარატივის და ა.შ ახლა [ომის ფონზე] ორმაგდება, სამმაგდება, იზრდება საფრთხე, ფსონები იწევა. თუ მანამდე დეზინფორმაცია იყო, რომ ვიღაც რაღაცას დაიჯერებდა, წავიდოდა და ლაპარაკობდა ამის შესახებ, ახლა რეალურად შეიძლება მსგავსმა ნარატივმა საზოგადოებაში ცვლილებები გამოიწვიოს. შესაბამისად, ჩვენზეც [მედიაზე] იზრდება ზეწოლა, იზრდება ჩვენდამი მოთხოვნა საგუშაგოზე ვიდგეთ, არ ჩავთვლიმოთ, ჩვენვე არ მოვექცეთ ამ ნარატივების ტყვეობაში“,- გვითხრა ვაჟამ, რომელიც ვაცლავ ჰაველის სახელობის პროგრამის ფარგლებში ამერიკაშია ჩამოსული.

ვაცლავ ჰაველი ჩეხი დრამატურგი, ესეისტი, დისიდენტი და პოლიტიკოსი იყო. ის ჩეხოსლოვაკიის მეათე და უკანასკნელი (1989-1992) და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი (1993-2003). ჰაველს მიღებული აქვს აშშ-ის პრეზიდენტის თავისუფლების მედალი, ფილადელფიის თავისუფლების მედალი, კანადის ორდენი და კეთილი ნების ელჩის წოდება.

ჰაველი პრეზიდენტიხავერდოვანი რევოლუციისშედეგად გახდა. ამ თანამდებობაზე ჰაველმა ჯერ ჩეხოსლოვაკია, შემდეგ კი ჩეხეთი მულტიპარტიულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ აქცია. მისი მმართველობის 13 წელიწადში ქვეყანამ რადიკალური ცვლილებები განიცადა. ჰაველის დროს მოახერხა ქვეყანამ ნატოს წევრობის მოპოვება და ევროკავშირის წევრობაზე დიალოგის დაწყება, რომელიც 2004 წელს, ჰაველის მიერ თანამდებობის დატოვებიდან ერთ წელიწადში, ჩეხეთის ევროკავშირში გაწევრიანებით დასრულდა. ვალცავ ჰაველს დემოკრატიის სჯეროდა და სწამდა, რომ მისი განვითარებისთვის მედიას ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა.

XS
SM
MD
LG