ჩეხეთის დედაქალაქში შეკრებილი მსოფლიო ლიდერები ყოფილ პრეზიდენტს ვაცლავ ჰაველს უკანასკნელ პატივს მიაგებენ. ჩეხეთის ყოფილი ლიდერი ვაცლავ ჰაველი 75 წლის ასაკში კვირას გარდაიცვალა. ჰაველი ყოფილი დისიდენტი და ქვეყნის პირველი დემოკრატიულად არჩეული ლიდერი იყო. მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად მსოფლიოს ლიდერები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ. დაკრძალვას ესწრება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მეუღლესთან ერთად, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი და საფრანგეთის ლიდერი ნიკოლა სარკოზი. პრაღაში იმყოფება ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტიც, რომელიც ჩეხეთშია დაბადებული. დაკრძალვას ასევე ესწრება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.
ვაცლავ ჰაველი 1989 წელს ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი გახდა. ქვეყნის ორად გაყოფის შემდეგ კი, 1993 წლიდან ჩეხეთის ლიდერი გახდა. ვაცლავ ჰაველის ხსოვნა ასევე პატივი მიაგეს სლოვაკეთში და დღეს იქ სახელმწიფო გლოვა გამოცხადდა.