ჰეგელის განცხადებით, მოვიდა დრო, როცა თავდაცვის ბიუჯეტი 496 მილიარდ დოლარამდე უნდა შემცირდეს. სულ რამდენიმე წლის წინ პენტაგონის წლიური ბიუჯეტი 700 მილიარდი იყო, თუმცა მაშინ ერაყსა და ავღანეთში საბრძოლო ოპერაციები აქტიურად მიმდინარეობდა.
„ეს პირველი ბიუჯეტი იქნება, რომელიც 13 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შემდეგ თავდაცვის დეპარტამენტის გარდაქმნას ასახავს,“- განაცხადა ჰეგელმა.
მაგრამ ეს შეკვეცები იმაზე მეტად ამცირებს თავდაცვის ბიუჯეტს, ვიდრე ეს ავღანეთსა და ერაყში საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე იყო.
შეკვეცებში შედის ცივი ომის დროინდელი მოიერიშე თვითმფრინავების, ეგრეთ წოდებული, A-10-ის მოიერიშე ფლოტის მთლიანად დახურვა. თავდაპირველად ამ ფლოტის დანიშნულება საბჭოთა ტანკების წინააღმდეგ ზუსტი საჰაერო იერიშების განხორციელება იყო. გარდა ამისა, ბიუჯეტი არმიის სამხედრო მოსამსახურე პერსონალის 570 ათასიდან დაახლოებით 450 ათასადე შემცირებას ითვალისწინებს. ეს რაოდენობა 1940 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია ამერიკის არმიის ისტორიაში.
არმიასთან ერთად დაგეგმილია შეკვეცები საზღვაო ქვეითების რიგებშიც.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ჰეგელმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია გეგმავს გააგრძელოს კიბერ უსაფრთხოების მაღალ დონეზე დაფინანსება, გააძლიეროს ამერიკის სამხერდრო წარმომადგენლობა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში და ხელი შეუწყოს სპეც-ოპერაციებზე ორიენტირებულ სამხედრო საქმიანობას.
„ჩვენ გადავწყვიტეთ სამხედრო პერსონალის რაოდენობის შემცირება ყველა სამხედრო სამსახურში, იქნება ეს რეზერვისტები თუ მომსახურე პერსონალი. ეს იმის გამო კეთდება, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ტექნოლოგიური უპირატესობა და დავიცვათ ჩვენი კრიტიკული შესაძლებლობები,“ - აღნიშნა ჰეგელმა.
ჰეგელის რეკომენდაციები ზოგიერთი გავლენიანი ამერიკელი გენერლის რჩევას არ ითვალისწინებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ამერიკას აუცილებლად სჭირდება ინფრასტრუქტურისა და საშუალებების არსებულ დონეზე შენარჩუნება იმისთვის, რომ ქვეყანამ ორი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია შეუფერხებლად გააგრძელოს.
თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტის შეკვეცას ვეტერანებიც ეწინააღმდეგებიან. ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი შეკვეცები კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. სავარაუდოდ, ჰეგელის გეგმას კონგრესში დიდი წინააღმდეგობა შეხვდება.
კონგრესის წევრების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ თავდაცვის ბიუჯეტის ასეთი დრამატული შეკვეცა ამერიკას ხელს შეუშლის ისეთი მოწინააღმდეგეებისთვის თავის გართმევაში, როგორიცაა ჩინეთი. ამასთან, ქვეყანას შესაძლოა გაუძნელდეს ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და სამხრეთ აზიაში მიმდინარე კონფლიქტებში კონსტრუქციული როლის თამაში.