ვოლგოგრადში მომხდარი ტერაქტების შემდეგ ოლიმპიადის უსაფრთხოება სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების შეშფოთების საგნად იქცა. შეერთებული შტატები ზამთრის ოლიმპიადაზე სპორტსმენების, თუ მაყურებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რუსეთის მთავრობას სამხედრო დახმარებას სთავაზობს.
პენტაგონში მიაჩნიათ, რომ ახლახან ვიდეოჩანაწერით გავრცელებული საფრთხე რეალურია და ამიტომ რუსეთს შავი ზღვის პერიმეტრში ორი სამხედრო ხომალდის გაგზავნას სთავაზობს. ამერიკის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენება თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფის მიზნით.
იმის მიუხედავად დათანხმდება თუ არა რუსეთი ამერიკის წინადადებას, ან რა სახის დახმარებას მიიღებს მისგან, შეერთებული შტატების არმიის ხელმძღვანელობა, საჭიროების შემთხვევაში, ათასობით ამერიკის მოქალაქის საევაკუაციო გეგმას ამზადებს. ამ ფაქტს პენტაგონის სპიკერი, კონტრადმირალი ჯონ კირბიც ადასტურებს.
„გემები, რომელთა გაგზავნასაც შავ ზღვაზე ვგეგმავთ, ჩვენი ხომალდების უმეტესობის მსგავსად, მრავალი ფუნქციის შესრულებას ითვალისწინებენ. ჩვენი გემების უმრავლესობას ვერტმფრენების გაშვების უნარი აქვს. ამასთან ერთად მათზე სამედიცინო მომსახურების გაწევის საშუალებაც გვაქვს“ - აცხადებს ის.
ჩრდილოეთ კავკასიის ისლამისტი სამხედრო დაჯგუფების მიერ გავრცელებული ახალი მუქარის ფონზე, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები ჩეჩენ ე.წ. „შავ ქვრივ“ ქალს ეძებენ, რომელიც ტერორისტულ ქმედებებშია შემჩნეული და რომელმაც მათი მონაცემებით, სოჭში უკვე შეაღწია. ეს ფაქტი ამერიკელ სპეციალისტებს კიდევ უფრო აშფოთებს. ხუან ზარატე სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრში თავდაცვის ექსპერტად ითვლება. ის ჩეჩენი ექსტრემისტების მიერ ინტერნეტში განთავსებული ვიდეოფირის ანალიზს აკეთებს, რომელიც შეიცავს მუქარას იმის შესახებ, რომ რუსები და ოლიმპიადაზე ჩასული სტუმრები სოჭში უსაფრთხოდ ვერ იქნებიან მანამ, სანამ ახლომდებარე ტერიტორია პუტინის და მისი ძალების მიერ არის ოკუპირებული.
ხუან ზარატეს თქმით, „ეს უკვე წარმოსახვის ფარგლებს ცდება. ეს ტერორისტული მუქარაა, რომელიც რეალურ საფრთხეს შეიცავს. საფრთხეს - რომელიც სპორტსმენებს, სპონსორებს, თუ ამერიკის იმ მოქალაქეებს ეხება, ვინც ოლიმპიურ ღონისძიებებზე ჩასვლას გეგმავს“.
რუსეთი დაბეჯითებით იმეორებს, რომ ის ყოველ ღონეს იხმარს ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად და ამისთვის მზად არის კიდეც. შეერთებული შტატების ლიდერები კი ფრთხილობენ. მათ არ სურთ საკუთარი შეთავაზებით რუსეთს შეურაცხყოფა მიაყენონ. თუმცა, ამერიკელი ლიდერები შეშფოთებით აღნიშნავენ იმასაც, რომ ამჯერად ისინი უსაფრთხოების საკითხებში ისე მჭიდროდ ვერ თანამშრომლობენ მასპინძელ ქვეყანასთან, როგორც ეს სხვა ოლიმპიადებზე ხდებოდა. ამის შესახებ ამერიკელი კანონმდებლები, ყოფილი თუ ახალი ადმინისტრაციის წევრები უკვე ღიად საუბრობენ და სიტუაციის გართულების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღებისთვისაც ემზადებიან. სწორედ ამიტომ ამზადებს პენტაგონი ორ ამერიკულ გემს, რომლებიც ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში, ამერიკელ სპორტსმენებს და მათ გულშემატკივრებს სოჭიდან გაიყვანს. შეგახსენებთ, რუსეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ზღვისპირა ქალაქში ზამთრის ოლიმპიადა 7 თებერვალს იხსნება და 16 დღე გასტანს.