ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ვიზიტი დაიწყო. ის სინგაპურს ეწვია და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის "თავისუფალი და ღია" განვითარების შესახებ საერთო ხედვაზე ისაუბრა.
სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჰარისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკა კვლავ დიდ ყურადღებას უთმობს რეგიონს და მოკავშირეებთან ერთად მუშაობას იმისთვის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და გადაადგილების თავისუფლება უზრუნველყოფილი იყოს, მათ შორის, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. "ამერიკა გლობალური ლიდერია და ჩვენ ამ როლს სერიოზულად ვეკიდებით. ესაა ჩემი აქ ყოფნის მიზეზი", - თქვა ჰარისმა.
გამართული შეხვედრების დიდი ნაწილი კლიმატის კრიზისსა და კორონავირუსის პანდემიის დასრულებისთვის თანამშრომლობას დაეთმო. ამასთან მომავალი პანდემიების თავიდან აცილებასაც.
"პანდემიამ გლობალური ჯანდაცვის საკითხზე ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი", - თქვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ჰარისი სამშაბათს სინგაპურში ბიზნეს ლიდერებსაც შეხვდება. ამერიკა და სინგაპური მომარაგების ქსელების გაუმჯობესებაზე მსჯელობენ. მხარეები ასევე შეთანხმდნენ კორონავირუსის ახალი ვარიანტების აღმოჩენისა და მზაობის გასაზრდელად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
სამშაბათს ჰარისი ვიეტნამშიც ჩავა. ის ამერიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება, ვინც ჰანოის ეწვევა. ვაშინგტონი, ჩინეთის გლობალური გავლენის გავრცელების პარალელურად, რეგიონში საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებას ცდილობს. სინგაპურსა და ვიეტნამს ივლისში ამერიკის თავდაცვის მდივანიც ეწვია.
Facebook Forum