ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს ფედერალურ სასამართლოში პირველად გუანტანამოს პატიმრის საქმის განხილვა დაიწყება


აშშ-ს ფედერალურ სასამართლოში პირველად გუანტანამოს პატიმრის საქმის განხილვა დაიწყება
აშშ-ს ფედერალურ სასამართლოში პირველად გუანტანამოს პატიმრის საქმის განხილვა დაიწყება

27 სექტემბერს ნიუ იორკში გუანტანამოს საპყრობილეში მყოფი პატიმრის აჰმედ ხალფან ღაილანის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს

27 სექტემბერს ნიუ იორკში გუანტანამოს საპყრობილეში მყოფი პატიმრის პირველი სამოქალაქო სასამართლო მოსემენები უნდა დაიწყოს. სამოქალაქო უფლებების დამცველი ჯგუფებისთვის აჰმედ ხალფან ღაილანის სასამართლო პროცესი დიდ მიღწევას წარმოადგენს. სამოქალაქო უფლებების დამცველები აღნიშნავენ, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იგივე სამართლებრივი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ როგორც ამერიკის მოქალაქეები. მაგრამ როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯერომ სოკოლოვსკი იუწყება, ტერორისტების გასამართლებასთან დაკავშირებული საკითხი კვლავინდებურად მწვავე დებატებს იწვევს.

გუანტანამოს საპყრობილე ბუშის ადმინისტრაციის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების საპასუხო სტრატეგიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ გუანტანამოს საპყრობილეში ორგანიზებული სამხედრო ტრიბუნალის წინ პირველად ოსამა ბინ ლადენის ყოფილი პირადი მძღოლი სალიმ ჰამდანი აღმოჩნდა. მაგრამ შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სამხედრო ტრიბუნალში გამართული პროცესი ბათილად ჩაითვალა. ამის შემდეგ ჰამდანის სასამართლო პროცესი ხელმეორედ გაიამართა და მას ხუთთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ზაქარია მუსავი კი ვირჯინიის შტატში მდებარე ფედერალურ სასამართლოში გაასამართლეს. მას 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების მომზადებაში ადანაშაულებდნენ. სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ჯინი სლოუნი არასამთავრობო ორგანიზაცია საკონსტიტუციო პროექტის პრეზიდენტია. მისი თქმით, 2001 წლიდან მოყოლებული სამოქალაქო სასამართლოებში ასობით ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი გაასამართლეს, მაშინ როცა სამხედრო ტრიბუნალებში საბრალდებო დასკვნა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში თუ გამოიტანეს.

„ორი აზრი არ არის იმასთან დაკავშირებით, რომ ფედერალური სასამართლოები მართლმსაჯულებას ბევრად უფრო ეფექტურად წარმართავენ. ისინი კონსტიტუციით დაცულ უფლებებს უფრო ეფექტურად იცავენ. ამას გარდა ფედერალურ სასამართლოებში განხილული საქმეების მიმართ, როგორც წესი, სხვა სასამართლოებსა თუ კონგრესს რაიმე პრეტენზიები არ უჩნდებათ,“ აღნიშნა სლოუნმა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტ ობამას დაპირება გუანტანამოს საპყრობილის დახურვის შესახებ აგრეთვე შეიცავდა პირობას, რომ იქ მყოფ პატიმრებს სამოქალაქო სასამართლოებში გაასამართლებენ. ამ მხრივ ღილანის სასამართლო პროცესი, რომელიც მანჰეტენში უნდა გაიმართოს, ნამდვილ მიღწევას წარმოადგენს.

თუმცა ნიუ იორკში 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების ერთ-ერთი ორგანიზატორის ხალიდ შეიხ მუჰამადის შესაძლო სასამართლო პროცესის გამართვას საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში მდებარე ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების გასამართლებასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა, რომელსაც სამართლის პროფესორი დევიდ კოული უძღვებოდა.

„ვფიქრობ ცხრა წლის შემდეგ ჩვენ კვლავინდებურად გვიჭირს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმის ფორმულირება იმ ხალხის გასამართლების მიზნით, ვისაც ამაზრზენი დანაშაულებების ჩადენა ედება ბრალად,“ აღნიშნა კოულმა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი პრობლემა ის გახლავთ, რომ ეჭვმიტანილების წამებით მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენება სასამართლო პროცესში ბევრ კითხვებს ბადებს.

მაგრამ კონსერვატიულად განწყობილი პირები აღნიშნავენ, რომ ტერორიზმი განსაკუთრებულ დანაშაულს წარმოადგენს და ამდენად ხსენებული მეთოდების გამოყენება გამართლებულია.

ჯიმ გილმორი ვირჯინიის შტატის გუბერნატორი იყო როცა 11 სექტემბერს ამ შტატში განლაგებულ პენტაგონის შენობაზე თვითმფრინავი დაეცა.

„ჩვენ იმ დღეს დაღუპული პირები უნდა გვახსოვდეს. ისინი ვინც უზარმაზარი სიცხის გამო ჰაერში აორთქლდნენ. ისინი ვინც ცეცხლწაკიდებული ცათამბჯენებიდან ხტებოდნენ. ცივილიზებულმა საზოგადოებამ ისეთი სამართლის სისტემა უნდა შექმნას, რომელიც მას დაიცავს. ომის დროს ამ ფუნქციას სამხედრო ტრიბუნალი უნდა ასრულდებდეს. სხვაგვარად კი ამ ფუნქციების შესრულება სისხლის სამართლის სისტემამ უნდა იტვირთოს. ჩვენ ამის უფლება გვაქვს,“ განაცხადა გილმორმა.

ობამას ადმინისტრაციას გუანტანამოს პატიმრების გასამართლება ისეთ ვითარებაში სურს, რომელიც მსოფლიო საზოგადოებისთვის ლეგიტიმური პროცესი იქნება. მაგრამ, ისევე როგორც ეს ტერორიზმის საფრთხის ქვეშ მყოფ სხვა ქვეყნებში ხდება, მძლავრი ზეწოლა შეინიშნება რომ ამერიკის კონსტიტუციით დაცული უფლებების კონტექსტში ამ შემთხვევების მიმართ გარკვეული გამონაკლისები გაკეთდეს.

XS
SM
MD
LG