ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა იწყებს 5 წლის ბავშვების აცრას


დღეიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ის ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვისაცაა ხელმისაწვდომი. სამშაბათს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრში (CDC) განიხილეს "ფაიზერ-ბიონტექის" ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება. მოგვიანებით, CDC-იმ საგანგებო ავტორიზაციის აქტის საფუძველზე ვაქცინა ამ ასაკობრივ ჯგუფშიც დაამტკიცა. კოვიდ-19-ზე აცრა ახლა 28 მილიონამდე ამერიკელ ბავშვს შეეძლება.

ჯერჯერობით ამერიკელთა მხოლოდ 58 პროცენტია სრულად აცრილი. დელტა ვარიანტის გავრცელებამ ინფიცირების ზრდა მცირეწლოვან ბავშვებშიც გამოიწვია, რის გამოც ათასობით ამერიკელი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. განკურნების შემდეგ, ამ ასაკის ბავშვებშიც არის ე.წ. ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომები.

ამერიკული კომპანია "ფაიზერის" და გერმანული "ბიონტექის" ერთობლივი ვაქცინა 90.7%-ის ეფექტურობას აჩვენებს 5-11 წლის ბავშვებში კოვიდ-19-ის სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ. კვლევაში მონაწილე ამ ასაკის 1 305 აცრილი ბავშვიდან კორონავირუსი მხოლოდ 3-ს დაუდასტურდა, მაშინ როცა პლაცებო მიიღო 663-მა და აქედან ინფექცია 16-ს აღმოაჩნდა.

ამერიკის მთავრობას დისტრიბუციისთვის მზად აქვს 15 მილიონი კოვიდ-19-ის საბავშვო დოზა. ვაშინგტონმა ბავშვებისთვის "ფაიზერისგან" წინასწარ შეიძინა 50 მილიონი ვაქცინის დოზა.

ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ვაქცინის დოზა 10 მიკროგრამს შეადგენს. 12 წლის და ზევით ასაკობრივ ჯგუფში კი ვაქცინის 30-მიკროგრამიანი დოზაა გათვალისწინებული. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა 12-დან 16 წლამდე მოზარდებში ვაქცინის გამოყენება საგანგებო ავტორიზაციის აქტის საფუძველზე 2021 წლის მაისში დაამტკიცა.

"შემდეგი რამდენიმე დღის მანძილზე, მილიონობით დოზა მიეწოდება პედიატრებს, ოჯახის ექიმთა ოფისებს, აფთიაქებს, ბავშვთა საავადმყოფოებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, გარეუბნებში მდებარე ჯანდაცვის კლინიკებს და სხვა ადგილებს" - განაცხადა ორშაბათს ჯეფ ზენცმა, თეთრი სახლის კოორდინატორმა კორონავირუსზე რეაგირების საკითხებში. მისი თქმით, შვილების აცრის მსურველ მშობლებს ახლომდებარე ვაქცინაციის პუნქტების მოძიება შეეძლებათ ვებგვერდზე: vaccines.gov

დღეისათვის კოვიდ-19-ზე ბავშვებს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ცრიან. მათ შორისაა ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და კუბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ბავშვების აცრასთან დაკავშირებით იგივე პოლიტიკა აქვს, რაც ე.წ. ბუსტერების შემთხვევაში. ჯანმო ბავშვების აცრამდე და უფროსებისთვის კოვიდ-19-ის გამაძლიერებელი დოზის დამტკიცებამდე, ითხოვს ვაქცინების დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის გადანაწილებას, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ აუცრელია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG