ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო: კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა


თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. მარიამ ფარეხელაშვილის ფოტო
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. მარიამ ფარეხელაშვილის ფოტო

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლითა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში, კორონავირუსის კიდევ 3382 შემთხვევა დადასტურდა და 42 ადამიანი დაიღუპა. პანდემიის დაწყებიდან გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 10045-ს მიაღწია, რაც 3,7 მილიონიანი ქვეყნისთვის კატასტროფული რიცხვია.

კოვიდით ადამიანის გარდაცვალების ფაქტი, ქვეყანაში პირველად 2020 წლის 4 აპრილს დადასტურდა. 2020 წელს, კოვიდმა 2505 მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, 2021 წლის ოქტომბრის ჩათვლით კი საქართველოში სასიკვდილო ვირუსით, უკვე 3 ჯერ მეტი, 7540 ადამიანი გარდაიცვალა.

იმედია, რომ არჩევნების შემდეგ უფრო მეტი ყურადღება იქნება გადატანილი კოვიდის მართვაზე და ამ სიტუაციის გამოსწორებაზე“
კელი დეგნანი, აშშ-ს ელჩი საქართველოში


„ეს ნამდვილად ძალიან ტრაგიკული მოვლენაა, განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის და ადამიანებისთვის, ვინც თავისი ახლობელი და საყვარელი ადამიანები დაკარგეს, ამ ნამდვილად ძალიან საშიში დაავადების გამო“ - ამბობს საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, მისივე თქმით, „ეს ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითია ქვეყნისთვისაც. იმედია, რომ ამ არჩევნების შემდეგ უფრო მეტი ყურადღება იქნება გადატანილი კოვიდის მართვაზე და ამ სიტუაციის გამოსწორებაზე“ - მიაჩნია კელი დეგნანს.

ეპიდემიოლოგთა ნაწილი, საქართველოში კოვიდსიტუაციის კიდევ უფრო გართულების მოლოდინშია. ამის მიზეზი პანდემიის არასწორ მართვასთან და ვაქცინაციის დაბალ ტემპთან ერთად, ჩავლილი მუნიციპალური არჩევნები და დიდი პოლიტიკური მიტინგებია, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების ორგანიზებით.

„გაგანია პანდემიის დროს მიტინგები თუ მანიფესტაციები, რომლებიც ასეთი სიხშირით ეწყობა და როგორც ჩანს კიდევ მოეწყობა, არის კატასტროფის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის“ - ამბობს ქვეყნის წამყვანი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. მისივე თქმით, „მინდა პოლიტიკოსებს ეცოდებოდეთ და ებრალებოდეთ საკუთარი მოსახლეობა და ასე არ ექცეოდნენ, ეს ეხება ყველას“.

„გაგანია პანდემიის დროს მიტინგები არის კატასტროფის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ყველას ეხება"
ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი


დღეს მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 მილიონამდე აცრაა გაკეთებული და სრულად, მხოლოდ 939 711 მოქალაქეა ვაქცინირებული. იმუნიზაციის ეროვნული გეგმით, 2021 წლის ბოლომდე, საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის, 60%-ის ანუ დაახლოებით, 1,7 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია უნდა მოხდეს.

გეგმის შესასრულებლად, მთავრობის განცხადებით, ქვეყანას საკმარისი ვაქცინა აქვს, თუმცა ხელისუფლება აცრის აუცილებლობაში მოსახლოების დიდი ნაწილის დარწმუნებას ვერ ახერხებს. ეროვნული გეგმის მიხედვით, ახლა დღიურად 40 000 აცრა უნდა კეთდებოდეს, თუმცა 31 ოქტომბერს, სულ 2711 აცრა გაკეთდა, რაც კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელია.

„ოქტომბერის დასაწყისიდან შემთხვევების მატებას ლოკალიზებული ხასიათი ჰქონდა და უპირატესად შეეხო იმ რეგიონებს, სადაც აცრილი მოსახლეობის რაოდენობა სხვებთან შედარებით მცირეა, მაგალითად კახეთი და იმერეთი“ - ამბობს ჯანდაცვისმინისტრი ეკა ტიკარაძე.

მინისტრს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე, გავრცელების „საშუალო დღიური მაჩვენებელი 4000-ის ფარგლებშია და სწრაფი ზრდის ტენდენციები არ იკვეთება, შესაბამისად, დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება“ - ამბობს ტიკარაძე

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა, ამ ეტაპზე არ განიხილება“
ეკა ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრი


ამ რთულ ფონზე, საქართველო კორონავირუსის გავრცელების ტემპით, ყოველ 100 000 მოსახლეზე, მსოფლიოს ქვეყნების პირველ ათეულში ლოგიკურად იმყოფება.

New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, დღეს რეიტინგის ლიდერი დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია, კარიბის ზღვაში მდებარე კუნძული ანგილიაა, სადაც სულ 15 000 ადამიანი ცხოვრობს; შემდეგ მოდიან ესტონეთი, ლატვია, ბარბადოსი, სლოვენია, ლიტვა, საქართველო, კაიმანის კუნძულები, სერბეთი და კუნძული მენი.

100000 მოსახლეზე კოვიდის გავრცელების შემთხვევებით, მსოფლიოს პირველი ათეული
100000 მოსახლეზე კოვიდის გავრცელების შემთხვევებით, მსოფლიოს პირველი ათეული

ამ ეტაპზე, საქართველოში ინფიცირების 48 658 აქტიური შემთხვევაა, აქედან 1594 მძიმე პაციენტია, 336 ადამიანი კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ისევ ძალიან მაღალია დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 9.34%. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 719 247 შეადგინა.

კარგი ამბავია, რომ ბოლო 24 საათში ვირუსისგან კიდევ 5389 ჩვენი მოქალაქე გამოჯანმრთელდა და ჯამში კორონავირისიგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 660518-ს მიაღწია.

XS
SM
MD
LG