ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ერთ დღეში ჩატარებული ტესტირებების რაოდენობით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ქვეყანაში დღეში მილიონზე მეტი ტესტი გაკეთდა, თუმცა, ექსპერტების თქმით, ვირუსის გასაკონტროლებლად, ქვეყანას დღეში 6-დან 10 მილიონამდე ტესტი სჭირდება
ქვეყანაში, შაბათს, ზუსტად 1,061,411 ტესტი გაკეთდა. ინფორმაციას "კოვიდის მეთვალყურეობის პროექტი" ავრცელებს. ეს მოხალისეების მიერ ორგანიზებული მონაცემების ბაზაა, რომელიც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას აგროვებს და ამუშავებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, აქამდე დღეში, საშუალოდ, 650,000 ადამიანს უტარდებოდა ტესტირება. ივლისის ბოლოსთვის ეს მონაცემები, დღეში 800,000-ს უტოლდებოდა.
პანდემიის დაწყებიდან, ტესტირება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. არ არსებობდა საკმარისი რაოდენობის ტესტები, რათა მოსახლეობა გაესინჯათ და ვირუსის გავრცელება მეტად აეცილებინათ თავიდან.
მაგალითად, ჰიუსტონში, მოსახლეობა მანქანებით ჩადგა რიგში ტესტის გასაკეთებლად. რიგი კი ისეთი დიდი იყო, რომ ხალხს საათობით დგომა და ზოგიერთს მანქანაში ძილიც კი მოუწია. მსგავსი რამ მოხდა მაიამიშიც.
ტესტირების ჩატარების შემდეგ, პაციენტი პასუხს ორ კვირას უნდა ელოდოს. სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ პასუხის ასეთი ხანგრძლივი მოლოდინი აბათილებს ტესტირების მიზანს- შეამციროს ვირუსის გავრცელება.
მარტში პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა: "ნებისმიერი, ვისაც სურს, რომ გაიკეთოს ტესტი, გაიკეთებს კიდეც ტესტს", თუმცა ეს მიზანი ჯერ კიდევ მისაღწევია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსმა 200,000-მდე ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 6,7 მილიონზე მეტია.
Facebook Forum