ავტორიტეტული კვლევითი ცენტრის, „პიუს“ მიერ ჩატარებული საზოგადეობრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკის, როგორც გლობალური ზესახელმწიფოს იმიჯი შეირყა მას შემდეგ, რაც 2016 წელს, დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდა.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის მიერ, 13 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ მაგალითად, გამოკითხულ ბრიტანელთა მხოლოდ 41%-ს აქვს პოზიტიური შეხედულება. ფრანგ მოსახლეობაში, ამ განწყობის პროცენტული მაჩვენებელი 31%-ია.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ძირითად მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის, ამერიკის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანება, კორონავირუის კრიზისს უკავშირდება. გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების მხოლოდ 15% ფიქრობს, რომ ამერიკა პანდემიას კარგად უმკლავდება.
გამოკითხულ ქვეყანათა უმეტესობაში ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ევროკავშირმა პანდემიის შესაკავებლად შესანიშნავი სამუშაო გასწიეს. ამ მხრივ, ყველაზე ნეგატიურად დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს აფასებენ.
გამოკითხვის თანახმად, ტრამპის მიმართ გლობალური დამოკიდებულება იმაზე მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ეს პრეზიდენტ ობამას მიმართ იყო. განსაკუთრებით - დასავლეთ ევროპაში.
ამის ფონზე, ტრამპი უფრო დადებითად აღიქმება მემარჯვენე პარტიების მხარდაჭერთა შორის, თუმცა ნდობის მაჩვენებელი მაინც დაბალია.
ტრამპი, კვლევაში წარმოდგენილ ექვს ლიდერს შორის, ნდობის მაჩვენებლით ბოლო ადგილს იკავებს. მას უფრო მაღალი უნდობლობის რეიტინგი აქვს, ვიდრე მაგალითად, ჩინეთის და რუსეთის პრეზიდენტებს. გამოკითხულთა 83% ამბობს, რომ მათ არ აქვთ ნდობა, რომ ტრამპი გლობალურ საკითხებში სწორად მოიქცევა. ეს მაჩვენებელი სი ძინპინის შემთხვევაში 78%-ია, ვლადიმირ პუტინის შემთხვევაში კი 73%.
ჯერ უცნობია, თეთრი სახლის პოზიცია გამოკითხვის შედეგებთან დაკავშირებით, თუმცა პრეზიდენტი ტრამპი აღნიშნავს, რომ მან კოვიდ-19 თან საბრძოლველად კარგად იმუშავა. შეერთებული შტატები კი ინფიცირებისა და სიკვდილობის მაჩვენებლით კვლავ ლიდერ პოზიციებზეა.
Facebook Forum