ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ამტკიცებს, რომ პანდემიას თავი "შესანიშნავად გაართვა"


ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 7 კვირა რჩება. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას თავი შესანიშნავად გაართვა და ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა მინიმუმამდეა.

დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს შაბათს ნევადის შტატში შეხვდა. მან კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობაზე საუბრისას თქვა, რომ რიცხვი დაახლოებით 180 000-ია, მაშინ, როდესაც, ამერიკას მსოფლიოში ყველაზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს - 194 000-მდე ადამიანი. პანდემიასთან დაკავშირებით მისი განცხადებების ნაწილს არ დაეთანხმა ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩიც.

დონალდ ტრამპმა "ტვიტერზეც" დაწერა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული მონაცემები მყარად და სწრაფად იკლებს, გარდაცვლილთა და ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა ასევე მცირდება. ინფიცირების რიცხვებიც მიუხედავად ყველა სხვა ქვეყანაზე აქტიური ტესტირებისა, მისი თქმით, ასევე მცირდება.

ქვეყანაში ყოველდღე თითქმის 35 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი დღეში 1000-ს აღწევს.

პრეზიდენტ ტრამპის მოკავშირეები კვირას სხვადასხვა ტოკშოუში იცავდნენ დონალდ ტრამპს და პასუხობდნენ კითხვებს იმის შესახებ, თუ რატომ აკნინებდა ის ვირუსის საფრთხეს ამერიკელთათვის მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისყ ბობ ვუდუორდის ახალი წიგნის "მრისხანების" მიხედვით, დაზვერვის თანამშრომლები მას მნიშვნელოვანი რისკების შესახებ აფრთხილებდნენ.

ტრამპის დემოკრატ მეტოქეს შაბათს საარჩევნო შეხვედრები არ ჰქონია, თუმცა თქვა, რომ პრეზიდენტის მიერ მცდარი ინფორმაციის გავრცელება ამერიკელთათვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG