ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას ისრაელს ბომბების მიწოდება შეუჩერა. ვაშინგტონს აშფოთებს ის, რომ ისრაელმა შესაძლოა ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაზე სრულმასშტაბიანი შეტევა გადაწყვიტოს. ამის თაობაზე ჟურნალისტებს სამშაბათს ამერიკის მთავრობის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა უთხრა.
ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც "ასოშეითედ პრესის" ჟურნალისტს ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, ამბობს, რომ შეჩერდა ისრაელისთვის 900 კილოგრამამდე და 225 კილოგრამამდე ბომბების მიწოდება, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ქვეყანა მას მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ დასახლებებში გამოიყენებს. ქალაქ რაფას მილიონზე მეტი სამოქალაქო პირი აფარებს თავს. ეს ღაზის მცხოვრებთა ის ნაწილიცაა, ვინც ისრაელის იერიშებს სექტორის ჩრდილოეთიდან, შედარებით უსაფრთხო სამხრეთში გაექცა.
ისრაელმა დაჯგუფება "ჰამასს", რომელიც დასავლეთის ბევრ დემოკრატიულ სახელმწიფოში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული, ომი 7 ნოემბრის თავდასხმის შემდეგ გამოუცხადა. "ჰამასის" წევრებმა მაშინ ისრაელში 1200-ზე მეტი მოქალაქე დახოცეს და 250-მდე ადამიანი ტყვედ წაიყვანეს.
ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს ტრადიციულად დიდი რაოდენობით იარაღს აწვდის და "ჰამასის" წინააღმდეგ ომშიც მხარს უჭერს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ვაშინგტონიდან უფრო და უფრო მწვავდება და ხშირდება მოწოდებები ისრაელისადმი, თავიდან აიცილოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და ჰუმანიტარული მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება. ბომბების მიწოდების შეჩერება არის ყველაზე მკაცრი დემონსტრაცია იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციასა და ნეთანიაჰუს მთავრობას შორის უთანხმოება იზრდება.
ამასთან, ამ კვირაში ბაიდენის ადმინისტრაციამ პირველად უნდა გამოიტანოს ერთგვარი "ფორმალური ვერდიქტი" იმის თაობაზე, დაარღვია თუ არა ისრაელმა, ღაზაზე საჰაერო იერიშებით და ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდვით, საერთაშორისო და ამერიკული ნორმები სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის თაობაზე. თუკი გადაწყვეტილება ისრაელის საწინააღმდეგო იქნება, ამან შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს წნეხი თეთრ სახლზე, რათა მან ისრაელს იარაღის მიწოდება შეუზღუდოს.
ბაიდენის ადმინისტრაციაში ნეთანიაჰუს მთავრობისთვის სამხედრო დახმარების მომავალი ტრანშების შეზღუდვაზე მუშაობა აპრილში დაიწყეს. რაფაზე შეტევას ამერიკა თვეების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა. ოფიციალური პირი, რომელიც მედიას დახმარების მიწოდების შეჩერებაზე ესაუბრა, ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება წინა კვირას იყო მიღებული, თუმცა უცნობია, განახლდება თუ არა ის მოგვიანებით.
თეთრი სახლის ოფიციალური პირები რამდენიმე დღეა ამ შეჩერებული ტრანსფერის შესახებ ცნობებზე არ საუბრობენ. სამშაბათს გაკეთებულ ერთ-ერთ განცხადებაში პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკის მიერ ისრაელის მხარდაჭერა "რკინასავით მტკიცეა მაშინაც კი, როდესაც ისინი ვერ თანხმდებიან".