ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური მიმართვა


ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური მიმართვა
ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური მიმართვა

ამ რამდენიმე კვირის წინ მუამარ კადაფიმ საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის ინტენსიური დაბომბვა დაიწყო, რითაც საერთაშორისო საზოგადოების უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია. შეერთებულ შტატებს სამხედრო ჩარევის გარდა სხვა გზა აღარ დარჩენოდა - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ

ლიბიაში იმ მომენტში ძალადობის არნახულ, შემაძრწუნებელ მასშტაბთან გვქონდა საქმე. საერთაშორისო მანდატით ჩვენ მოგვეცა იშვიათი შანსი შეგვეჩერებინა ეს განუკითხაობა. ჩვენს ირგვლივ ფართო კოალიცია შეიქმნა, რომელშიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად არაბული სამყაროს ქვეყნები და თავად ლიბიელი ხალხი გაერთიანდა“.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში სრულიად აშკარა გახდა, რომ საფრთხეში ლიბიელ ხალხთან ერთად შეერთებული შტატების ინტერესები და ღირებულებებიც იყო. „ორმოც წელიწადზე მეტია ლიბიელ ხალხს ტირანი - მუამარ კადაფი - მართავს. მან საკუთარ მოსახლეობას თავისუფლება წაართვა, ექსპლუატაციას უწევდა ქვეყნის სიმდიდრეს, კლავდა ოპონენტებს შინ და გარეთ, ატერორებდა უდანაშაულო ხალხს მთელს მსოფლიოში. ლიბიელი ჯაშუშების ხელით მრავალი ამერიკის მოქალაქეა დაღუპული. ამიტომ, სანამ კადაფი ხელისუფლებაშია, ლიბია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც საკუთარი ხალხისთვის, ასევე დანარჩენი სამყაროსთვის “ - განაცხადა ქვეყნის ლიდერმა.

თუმცა, ბატონმა ობამამ ასევე გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ საერთაშორისო ჩარევას მხოლოდ ჰუმანიტარული მისია აკისრია. ის მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენისთვის ხდება და არა ლიბიაში რეჟიმის შეცვლის მიზნით. „ამიტომ სამხედრო მისიის შემდეგი გაფართოება შეცდომა იქნებოდა“ - აღნიშნა მან.

„ჩვენ რომ კადაფის ჩამოგდება ძალის გამოყენებით გვეცადა, საერთაშორისო კოალიცია დაიშლებოდა. თვითმფრინავებს და ქვეით ჯარს თუ ჩავრთავთ, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი კიდევ უფრო გაიზრდება“.

პრეზიდენტ ობამას გამოსვლა თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში ძირითადად სამხედრო აუდიტორიის წინაშე მიმდინარეობდა. ერთ კვირაზე მეტია, რაც ლიბიის თავზე არასაფრენი ზონაა გამოცხადებული და დასავლური კოალიცია პროკადაფისტურ ძალებზე განხორციელებული საჰაერო დარტყმებით ლიბიის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ცდილობს.

შეერთებული შტატების ლიდერის გამოსვლას ოპონენტების მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის იყვნენ ისინი, ვინც კონფლიქტში ამერიკის ჩარევის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და აგრეთვე - ვინც ობამას სამხედრო ინტერვენციის დაგვიანებაში ადანაშაულებდა. ამაზე პრეზიდენტმა მიუგო, რომ ბოსნიის 1990 წლის გენოციდის გამო საერთაშორისო საზოგადოება ერთი წლის დაგვიანებით ჩაერთო. „ჩვენ კი მხოლოდ 31 დღე დაგვჭირდა“, აღნიშნა მან.

რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ მაკეინმა, მოიწონა რა პრეზიდენტის მიერ სამხედრო ჩარევის აუცილებლობის არგუმენტირება, აგრეთვე აღნიშნა, რომ ოპერაცია შეიძლება არასაფრენი ზონის ლიმიტებს გასცდეს. ბატონ ობამას მოვლენების მსგავსი განვითარება უნდა გაეთვალისწინებინა და შესაბამისი განცხადებაც გაეკეთებინა, დასძინა მან.

თუკი კადაფი ძალაუფლებაში დარჩება, ისეთივე ჩიხში აღმოვჩნდებით, როგორც ერაყში. სადამ ჰუსეინსაც დავუწესეთ მაშინ არასაფრენი ზონა ერაყის თავზე, სანქციებიც მივიღეთ, მაგრამ მის დამარცხებას თითქმის 10 წელი დასჭირდა“.

საჯარო გამოსვლაში არაფერი ითქვა იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს შეიძლება სამხედრო ოპერაციამ გასტანოს და საშუალოდ რა დაუჯდება ის ამერიკის მთავრობას. ამ კითხვებს ხშირად მოისმენთ საზოგადოებრივი დებატებზე. პრეზიდენტმა მომავალი გეგმების შესახებ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი კოალიციის ხელმძღვანელობას ხვალ გადაიბარებს.

დღეს ლონდონში სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, ლიბიის ოპოზიციასთან შეხვედრებს მართავს და კონფერენციაზე სხვა 30 ქვეყანასთან ერთად ლიბიის მომავლის განხილვაში იღებს მონაწილებას.

XS
SM
MD
LG