ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კანონმდებლები "კოვიდის" წარმოშობის ორპარტიული გამოძიების წინადადებით გამოვიდნენ


კოვიდ-19 პანდემიის დაწყების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, პანდემიის ვირტუალურად ყველა ასპექტი პოლიტიკური განხეთქილების საკითხად იქცა. ახლა, კონგრესის წევრები დგამენ პირველ ნაბიჯებს ორპარტიული ძალისხმევისკენ, რათა შეისწავლონ პანდემის წარმოშობა და მასზე ფედერალური მთავრობის რეაგირება შეაფასონ.

სენატის ჯანდაცვის, განათლების, შრომის და პენსიების კომიტეტის ორი წამყვანი წევრი გამოვიდა საკანონმდებლო წინადადებით, რაც 12-წევრიანი კომისიის შექმნას ითვალისწინებს. კომისიას ექნება ფართო უფლებამოსილება გამოიძიოს დაავადების წყარო და პანდემიაზე ტრამპის და ბაიდენის ადმინისტრაციების რეაგირება. ამ წინადადებას ორივე პარტიის წევრებს შორის ფართო მხარდაჭერა აქვს.

ორმა კანონმდებელმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პატი მიურეიმ, დემოკრატმა ვაშინგტონიდან და კომიტეტის უფროსმა რესპუბლიკელმა წევრმა, რიჩარდ ბარმა ჩრდილოეთ კაროლინიდან, წინადადება იმ კომისიის მაგალითზე შექმნეს, რომელმაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმები გამოიძია. იმ კომიტეტმა, თავდასხმის წინა მოვლენების ამომწურავი ანალიზის გამო, ორპარტიული აღიარება მოიპოვა.

წინადადება დიდი საკანონმდებლო პროექტის ნაწილია, რომელიც პანდემიებისთვის მზადყოფნას, არსებულ ვირუსებზე და მომავალ საფრთხეებზე რეაგირებას ეხება. სამუშაო ჯგუფის შექმნასთან ერთად, კანონპროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოების შესაძლებლობების გაზრდას, რათა დაავადებების აფეთქებებზე რეაგირება მოახდინონ, კვლევა - განვითარება გააძლიერონ და სამედიცინო პროდუქციით მომარაგების ჯაჭვი განამტკიცონ.

შემოთავაზებულ სამუშაო ჯგუფს ექნება ჩვენების სავალდებულო მიცემის და დოკუმენტების სავალდებულო წარმოდგენის მოთხოვნის გაცემის უფლება, რაც გამოძიებისთვისაა საჭირო.

დღემდე, პანდემიის წარმოშობაზე და ფედერალურ რეაგირებაზე აზრთა სხვადასხვაობაა. პანდემიის ადრეულ ეტაპზე, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობდა კრიზისი ნაკლებად მძიმედ წარმოეჩინა და ეს პოზიცია მისმა ბევრმა მხარდამჭერმა გაიზიარა.

ამ გარემოებამ, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის პანდემიაზე ფედერალური რეაგირების მკვეთრად განსხვავებული შეფასება გამოიწვია.

მაშინ, როდესაც ამერიკაში „კოვიდ-19“ გარდაცვალებების რიცხვი, ათასებიდან ათობით ათასამდე გაიზარდა, ტრამპი ეცადა, რომ ჯანდაცვის გლობალური კრიზისისთვის ბრალი ჩინეთისთვის დაეკისრებინა, ქვეყნისთვის, სადაც დაავადება პირველად აღმოაჩინეს. ვირუსის გავრცელებაში ჩინეთის ბრალეულობის ხარისხზე კამათშიც მკვეთრად პარტიული ტონი გამოიკვეთა.

ბევრმა რესპუბლიკელმა კომგრესმენმა მხარი დაუჭირა თეორიას, რომ „კოვიდ-19“-ის გამომწვევმა ვირუსმა ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა, სადაც კორონავირუსს იკვლევდნენ. ამ თეორიას ამაგრებს ის ფაქტი, რომ დიდი ინფექციების საკვლევი ობიექტი მდებარეობს ქალაქ ვუჰანთან, სადაც ვირუსი პირველად აღმოაჩინეს.

ვუჰანი/ჩინეთი
ვუჰანი/ჩინეთი

დემოკრატები მთლიანობაში ემხრობოდნენ ჯანმოს შეხედულებას, რომელიც მიანიშნებდა, რომ ადამიანებზე ვირუსი ინფიცირებულ გარეულ ცხოველებთან, სავარაუდოდ ღამურებთან ახლო კონტაქტით გადავიდა.

ჯანმოს ვირუსის წარმოშობის შესახებ განსხვავებული გზავნილები ჰქონდა. ორგანიზაციის გასული წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ლაბორატორიიდან გაპარული ვირუსით ადამიანების დასნებოვნება უაღრესად ნაკლებად სავარაუდო იყო, თუმცა ჯანმოს დირექტორმა განაცხადა, რომ ჩინეთმა „კოვიდ-19“-ის ადრეული შემთხვევების შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემების გაზიარებაზე უარი თქვა და ჯანმოს გამომძიებლების მიერ სრული და ყოვლისმომცველი ანალიზის ჩატარების შესაძლებლობა შეაფერხა.

კონგრესში მოსმენების სერიის დროს, ექიმ ენტონი ფაუჩის, პრეზიდენტ ბაიდენის მთავარ სამედიცინო მრჩეველს, კრიტიკული კითხვებით მიმართეს კონგრესის რესპუბლიკელმა წევრებმა, რომლებმაც მას ბრალი დასდეს ინფორმაციის დამალვაში, რაც ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში, აშშ-ს მთავრობის მიერ ნაწილობრივ დაფინანსებულ კვლევას ეხებოდა.

თვითონ ფაუჩიმ, ვირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების მოწოდებას მხარი საჯაროდ დაუჭირა.

პანდემიის საწყის ეტაპზე, რესპუბლიკელები პანდემიის გამოსაძიებელ ნებისმიერ კომისიას ეჭვით უყურებდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ოპონენტები დასკვნებს ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ.

პანდემიით დაზარალებული ოჯახების მხარდამჭერი ჯგუფის, „მარკდ ბაი კოვიდ“ თანადამფუძნებელმა კრისტინ ურქიზამ „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ საკმაო დროის გასვლის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა კომისიის დასკვნები პოლიტიზირებულად აღიქვან, რადგან „კოვიდ-19“-ზე რეაგირების საქმეში ორივე პარტია როგორც მიღწევების, ასევე წარუმატებლობების მქონედ გამოჩნდება.

XS
SM
MD
LG