ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამშაბათს ერაყში აშშ-ს საბრძოლო მისია ოფიციალურად დასრულდა


სამშაბათს ერაყში აშშ-ს საბრძოლო მისია ოფიციალურად დასრულდა
სამშაბათს ერაყში აშშ-ს საბრძოლო მისია ოფიციალურად დასრულდა

ამიერიდან ერაყში დარჩენილი 50,000 ამერიკელი ჯარისკაცი მხოლოდ დამხმარე და საკონსულტაციო ფუნქციებს შეასრულებს, რომელიც 2011 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს

სამშაბათს ბაღდადში ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომლის დროსაც შეერთებულმა შტატებმა ერაყში შვიდწელიწადნახევრიანი საბრძოლო მისია დაასრულა. ამიერიდან ერაყში დარჩენილი ამერიკელი სამხედროები მხოლოდ დამხმარე და საკონსულტაციო ფუნქციებს შეასრულებენ, რომელიც მომავალი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მაგრამ არსებობს ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდება ერაყიდან შეერთებული შტატების სამხედრო ძალების სრული გაყვანის შემდეგ.

გასული რამდენიმე კვირის მანძილზე შეერთებული შტატების საბრძოლო შენაერთები ერაყს ტოვებდნენ. შედეგად, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ბრძანების თანახმად, ერაყში დარჩენილი ამერიკელი სამხედროების რიცხვი ახლა 50,000-ს შეადგენს. პენტაგონი ერაყში დარჩენილ სამხედრო ძალებს „დამხმარე და საკონსულტაციო“ ბრიგადებს უწოდებს. ამ შენაერთების მთავარი ამოცანაა ერაყის სამხედრო ძალების მომზადება, ლოგისტიკური და საჰაერო მხარდაჭერის გაწევა და სხვა სპეციალიზირებული დავალებების შესრულება.

ერაყის სამხედრო ძალებს ქვეყანაში უსაფრთხოების დამყარება გადაებარათ და ამჟამად გადაწყვეტილებებს საბრძოლო ოპერაციების ჩატარების შესახებ მხოლოდ ერაყელი სამხედრო მაღალჩინოსნები იღებენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მემაბოხეებმა თავდახსმებს მოუხშირეს, მაგრამ ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მთავარსარდალი გენერალი რეი ოდიერნო, რომელმაც თავისი მოვალეობები სამშაბათს დაასრულა, აღნიშნავს, რომ ერაყის სამხედრო ძალები ქვეყანაში უსაფრთხოების დამყარებისთვის მზად არიან.

ოდიერნომ აღნიშნა, რომ მისი ერაყელი მემკვიდრის განკარგულებაში იქნება საკმარისი რაოდენობის სამხედრო ძალები არა მხოლოდ ერაყის სამხედრო ძალების მომზადებისთვის არამედ ნებისმიერი საგანგებო მდგომარეობისთვის. მისი თქმით:

„ერაყის უშიშროების ძალები მზად არიან ქვეყანაში დაამყარონ იმ დონის უსაფრთხოება, რომელიც საჭიროა. ვფიქრობ, რომ 50,000 ამერიკელი ჯარისკაცი საკმაოდ მნიშვნელოვან სამხედრო პოტენციალს წარმოადგენს. ამდენად თუ ერაყელებს დასჭირდათ ჩვენი დახმარება, ჩვენ მათ დავეხმარებით.“

ოდიერნოს მიაჩნია, რომ მომავალი წლის დასასრულამდე ერაყელებმა ანტი-ტერორისტული პოტენციალი უნდა განავითარონ, რაშიც მათ ამერიკელი მრჩევლები დაეხმარებიან.

მაგრამ ოდიერნო იმავდროულად აღიარებს, რომ მიმომხილველების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მომავალი წლის დასასრულამდე ერაყი უსაფრთხოების ძალების ჩამოყალიბებას უბრალოდ ვერ მოასწრებს.

პენსიაზე გასული შეერთებული შტატების არმიის გენერალი ჯეიმს დუბიკი, რომელიც 2007 და 2008 წლებში ერაყის სამხედრო ძალების მომზადებას ხელმძღვანელობდა, აღნიშნავს, რომ ერაყელებს კიდევ დიდ ხანს დასჭირდებათ დახმარება.

„სტაბილური და დემოკრატიული ერაყი ჩვენ სტრატეგიულ ინტერესებში შედის. ჩვენ ინტერესებში შედის აგრეთვე ის, რომ ერაყი შეერთებული შტატებისა და მისი დასავლელი მოკავშირეების მიმართ მეგობრულად განწყობილი სახელმწიფო იყოს,“ აღნიშნავს დუბიკი.

ბრუკინგსის ინსტიტუტის ანალიტიკოსი მაიკლ ო’ჰანლონი ეთანხმება ამ მოსაზრებას. მას მიაჩნია, რომ ერაყის სამხედრო ძალებს თანადგომა დასჭირდებათ მომავალი წლის შემდეგაც, როცა ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმების თანახმად ყველა ამერიკელმა ჯარისკაცმა ერაყი უნდა დატოვოს.

„ვფიქრობ, რომ ორივე მხარის სამხედროებს სურთ, რომ მათი პროფესიული თანამშრომლობა გარკვეულ დონეზე გაგრძელდეს,“ აღნიშნა ო’ჰანლონმა.

ო’ჰანლონის თქმით, ერაყის სამხედროებს ჯერ-ჯერობით კვლავინდებურად სჭირდებათ მომზადება გარკვეულ სფეროებში. ამას გარდა, ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების დარჩენა შიიტებსა და სუნიტებს შორის და არაბებსა და ქურთებს შორის დაძაბულობის განმუხტვას შეუწყობს ხელს.

„ერაყის სამხედრო ძალები მზად არიან. მათ აღარ სჭირდებათ ჩვენი დახმარება ერაყის ტერიტორიის დასაცავად. მე მგონი უჩვენოდაც შესძლებენ. მაგრამ, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ორივე მხარის აქამდე გაწეულ ძალისხმევას, იმ სირთულეებსა და დაბრკოლებებს, რომელიც ჩვენ ერთობლივად გადავლახეთ, ჩვენ ნაადრევი და დაჩქარებული გასვლა ნამდვილად არ გვაწყობს. ამგვარი მიდგომა არ იქნებოდა მიზანშეწონილი,“ აღნიშნა ო’ჰანლონმა.

ო’ჰანლონის თქმით, ემოციურ დონეზე რიგით ერაყელებსა და მათ ლიდერებს ურჩევნიათ, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ქვეყანა მომავალი წლის ბოლომდე მთლიანად დატოვონ. მაგრამ მისი აზრით, ერაყელ ლიდერებს კარგად ესმით ის, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით ამერიკელი სამხედროების გარკვეული რიცხვის ქვეყანაში დარჩენა მათ ინტერესებში შედის.

თუმცა ოფიციალურად და საჯაროდ ამერიკელი ოფიციალური პირები ერაყელ კოლეგებს ამის შესახებ არ მიმართავენ. გენერალი დუბიკი აღნიშნავს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ თხოვნა 2011 წლის შემდეგ ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების დარჩენის შესახებ ერაყელების მხრიდან უნდა გაკეთდეს.

ეს კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ერაყში ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება. როგორც ცნობილია, ხუთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც ერაყში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, მაგრამ მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი პოლიტიკური უთანხმოებების გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირები გამუდმებით მოუწოდებენ ერაყელ ლიდერებს გადადონ უთანხმოებები და შექმნან ახალი მთავრობა. სამშაბათს გამართული ცერემონია კიდევ ერთხელ შეახსენებს ერაყელ პოლიტიკოსებს, რომ ახლა ქვეყნის მომავალი მართლაც მათ ხელშია.

XS
SM
MD
LG