აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი გაეროს მოუწოდებს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ირანული დრონების უკრაინაში გამოყენების საკითხზე იმსჯელოს. დიპლომატების ინიციატივა 19 ოქტომბერს დაგეგმილ, დახურულ შეხვედრაზე განიხილება.
უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთმა ირანული დრონების გამოყენებით იერიშები მიიტანა უკრაინულ ქალაქებზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე.
უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებებს ფოტო მტკიცებულებები ამყარებს. უკრაინის თავდაცვამ რამდენიმე ირანული დრონი ჩამოაგდო. როგორც ირკვევა, რუსეთმა ირანისგან „შაჰედ 136“-ის ტიპის დრონები შეისყიდა.
თეირანი ბრალდებებს უარყოფს. ირანში ამბობენ, რომ რუსეთისთვის დრონები არ გადაუციათ. კრემლში კი ამტკიცებენ, რომ რუსულ ჯარს ირანული დრონები არ შეუწყიდია და ადგილობრივი წარმოების მოწყობილობებს იყენებს.
კიევზე და სხვა უკრაინულ ქალაქებზე გახშირებული თავდასხმების გამო, დასავლეთი უკრაინის დახმარებას აგრძელებს. უკრაინა უახლოეს პერიოდში მოწინავე ანტისარაკეტო სისტემებს ამერიკისგან მიიღებს. კიევმა უკვე მიიღო გერმანული IRIS-T-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემაც.
ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მხრიდან უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმები გახშირდება. თუმცა, თავდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტიპის ინფორმაციას ეყრდნობოდა ის. ჰანო პევკურის განცხადებით, უკრაინამ შეძლო ირანული დრონების ნაწილის ჩამოგდება, მაგრამ კიევს დამატებითი დახმარება ესაჭიროება. სწორედ ამიტომ ესტონეთის თავდაცვის მინისტრი პარტნიორებს უკრაინის დახმარების გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
Facebook Forum