ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს საიდუმლო სამსახურის სკანდალი


ამერიკელი კანონმდებლები შეშფოთებას გამოხატავენ უკანასკნელ პერიოდშო მომხრარ ორ სკანდალთან დაკავშირებით, რომლებშიც ორი ფედერალური უწყება არის გარეული - საიდუმლო სამსახური, რომელსაც პრეზიდენტის დაცვა ევალება და სამთავრობო მომსახურების ადმინისტრაცია, რომელიც ფედერალური მთავრობის სახელზე შესყიდვებს აწარმოებს. როგორ აფასებენ ვაშინგტონში ამ მოვლენებს?

ამ ეტაპზე არ არსებობს სამხილი, რომელიც კავშირს დაამყარებდა საიდუმლო სამსახურის თანამშრომლების მიერ კოლუმბიის ქალაქ კარტახენაში ჩადენილ ქმედებებსა და პრეზიდენტის უსაფრთხოებას შორის. დამოუკიდებელი სენატორი ჯო ლიბერმანისთვის, რომელიც სენატში უშიშროებისა და სამთავრობო ურთიერთოებების კომიტეტის თავმჯდომარეა, ეს მცირეოდენ შვებას წარმოადგენს:

„ჩვენ არ გვინდა საიდუმლო სამსახურის წევრები წინა ღამით არყის ბოთლებს ცლიდნენ და ქალებთან ერთობოდნენ, ხოლო მეორე დღეს კი პრეზიდენტის დასაცავად ცვლაში გადიოდნენ.“

ლიბერმანმა ეს განცხადება კვირას ფოქს-ნიუსის (Fox News) ეთერში გააკეთა.

საიდუმლო სამსახურის 11-მა თანამშრომელმა, სავარაუდოდ მეძავები აიყვანა სასტუმრო ოთახებში, სადაც მეორე დღეს პრეზიდენტი ბარაკ ობამა უნდა დარჩენილიყო. პრეზიდენტი კოლუმბიის ქალაქ კარტახენაში ამერიკის კონტინენტების ქვეყნების სამიტს ესწრებოდა. საიდუმლო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, რამდენიმე კი საკუთარი სურვილით გადადგა.

სენატორი ლიბერმანის თქმით, ამერიკელებისთვის მიუღებელია პოტენციური რისკი, რომელიც პრეზიდენტის უსაფრთხოებას მსგავსი საქციელის გამო შეიძლება მიადგეს.

„ეს მოვლენა მძაფრი შთაბეჭდილებების ზღვარს სცდება. ისტორია სავსეა მაგალითებით, როცა მტრები დაცვის ან სადაზვერვო სამსახურის დასუსტებას სწორედ სექსუალური თავგადასავლების ორგანიზებით ცდილობდნენ.“

როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები სრულ ნდობას უცხადებენ საიდუმლო სამსახურის დირექტორ მარკ სალივანს. თუმცა, წარმომადგენელთა პალატის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე სუზან კოლინსი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი კითხვა უპასუხოდაა დარჩენილი.

„ჩემი აზრით, ეს არ იყო ცაკლეული შემთხვევა. ინციდენტში ძალიან ბევრი ხალხი იყო ჩართული. მათ შორის იყო ორი ხელმძღვანელიც. ეს განსაკუთრებით შოკისმომგვრელი და სრულიად მიუღებელია.“

კონგრესმენების შეშფოთებას პრეზიდენტი ობამაც შეუერთდა.

მეორეო სკანდალი რომელშიც ორიოდე კვირის წინ კიდევ ერთი ფედერალური უწყება გაეხვა ზოგადი მომსახურების სააგენტოა. მას ფედერალური მთავრობისთვის შესყიდვების წარმოება ევალება.

სენატორი კოლინსის განცხადებით, მთავრობის დანახარჯების ინსპექციის სამსახურმა ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო თანხების დაუდევრად ხარჯვის ფაქტები აღმოაჩინა. ამის შესახებ ინსპექტორებმა ობამას ადმინისტრაციას ინფორმაცია მიაწოდეს და გამოძიების დაწყება სთხოვეს.

ორივე სკანდალის გამოძიება გრძელდება. გასულ კვირას ზოგადი მომსახურების ადმინისტრაცია კონგრესის წინაშე ანგარიშით წარსდგა და კანონმდებლების კითხვებს უპასუხა. მომდევნო რამდენიმე კვირაში მსგავსი მოსმენა დაინიშნება საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელისთვისაც.

XS
SM
MD
LG