ამერიკელებს შორის არალეგალური იმიგრაციის საკითხი მწვავე დებატებს იწვევს. კონსერვატიულად განწყობილი წრეები ობამას ადმინისტრაციას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ვაშინგტონი არიზონას შტატში მიღებულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, რომელიც არალეგალურად მყოფი იმიგრანტების ამოცნობას და ქვეყნიდან დეპორტაციას ითვალისწინებს. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ არალეგალი იმიგრანტები ამერიკელების სამუშაოებს ართმევენ. მაგრამ ამერიკელი ფერმერების უმრავლესობა სხვა აზრის არის. უკვე დიდი ხანია რაც ამერიკელები სამუშაოდ სოფლის მეურნეობიდან ეკონომიკის სხვა სექტორებში გადავიდნენ და შედეგად ამერიკელი ფერმერები დამოკიდებულები გახდნენ არალეგალ იმიგრანტ მუშებზე. სწორედ ისინი ეხმარებიან ფერმერებს ხილისა თუ ბოსტნეულის მოსავლის აღებაში რათა სოფლის ნობათი ამერიკელების მაგიდებზე მოხვდეს.
ვირჯინიის შტატში მოსავლის აღების დრო დადგა. ყანაში სამხრეთ ამერიკული წარმოშობის მუშები ბოსტნეულს კრეფენ. ისინი მოკრეფილ ბოსტნეულს ახარისხებენ და რეცხავენ რათა მომზადებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს სუპერმარკეტებში დახლებზე გამოჩნდეს.
მათი წინაპრების მსგავსად, ისინი ამერიკაში ეკონომიკური კეთილდღეობის მიზნით ჩამოვიდნენ.
ბევრი აქ არალეგალურად ჩამოდის. მაგალითად ეს მამაკაცი. მისი იდენტურობის დაცვის მიზნით ჩვენ მას მარტინეზს ვუწოდებთ.
„მე აქ უკეთესი მომავლისთვის ჩამოვედი. სიმართლე გითხრათ, მოგზაურობის დროს ბევრი გადავიტანე,“ აღნიშნა მარტინეზმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატების სამხრეთდასავლეთ უდაბნოში სახელმწიფო საზღრის გადაკვეთისა და ქვეყანაში შეღწევის მიზნით რამდენიმე დღის მანძილზე სიარული მოუხდა. მისმა მეგზურმა მას საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის 2,000 დოლარი გამოართვა.
ლორეტო ვენტურა არალეგალ მუშათა ბრიგადის უფროსია. იგი შეერთებული შტატების მოქალაქეა. მაგრამ როცა იგი პირველად 30 წლის წინ აქ სოფლის მეურნეობაში დასაქმდა იგი აგრეთვე არალეგალურად ჩამოსული იმიგრანტი იყო.
„მათ ბევრის გადატანა უხდებათ. აქ მოსახვედრად ისინი ბევრს იხდიან. სამუშაოსთვის ისინი სიცოცხლეს რისკავენ. სამუშაო კი ხშირად ძალიან მძიმეა,“ აღნიშნა ვენტურამ.
ამერიკულ ფერმებში დასაქმებული მუშები მთელი დღის მანძილზე ბოსტნეულს კრეფენ და მათ ხშირად მძიმე ტვირთის ზიდვა უხდებათ. სამუშაო დღეები გრძელია და სამუშაო უკიდურესად დამღლელი.
შეერთებული შტატების ფერმებში დასაქმებული დაახლოებით ერთი მილიონი მუშისგან უმეტესობა იმიგრანტია. სხვადასხვა ინფორმაციით, არალეგალი იმიგრანტების რიცხვი 250 ათასიდან ნახევარ მილიონამდე მერყეობს.
შეერთებულ შტატებში მოქმედებს მოწვევით ჩამოსული მუშების პროგრამა, რომელიც ამერიკელ ფერმერებს იმიგრანტი მუშების კანონიერად დასაქმების უფლებას აძლევს. მაგრამ ფერმერები აღნიშნავენ, რომ ხსენებული პროგრამა ძალიან რთულია.
ამ ფერმერის თქმით, მან ამერიკელების დაქირავება სცადა, მაგრამ უბრალოდ ვერ მონახა საკმარისი რაოდენობის ხალხი, ვისაც ამ მძიმე სამუშაოს შესრულება სურდა ან შეეძლო.
„სიმართლე კი ის გახლავთ, რომ დღეს-დღეობით არავინ ზრდის ბავშვებს რათა ისინი ფერმებზე დასაქმდნენ,“ აღნიშნავს იგი.
მაგრამ ამერიკული საიმიგრაციო რეფორმის ფედერაციის თანამშრომლის ჯეკ მარტინის თქმით, ვითარება ბევრად უფრო რთულია. მისი თქმით:
„მე ვფიქრობ, რომ მართალია ის, რომ მშობლებს საკუთარი ბავშვებისთვის უფრო უკეთესი მომავალი სურთ ვიდრე სოფლის მეურნეობის სექტორში შრომა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბევრი უმუშევარია, და თუ სოფლის მეურნეობაში ადეკვატური ხელფასები იქნება, მაშინ, მე მგონი, ისინი ამ სექტორში უსათუოდ დასაქმდებიან.“
მოწვევით დაპატიჟებული მუშების პროგრამის სრულყოფასთან დაკავშირებული კანონმდებლობის პროექტი ამჟამად კონგრესშია. ამასობაში ამერიკელი ფერმერები მზარდ შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ სულ უფრო გახშირდა საიმიგრაციო სამსახურის რეიდები. ფერმერები ჩივიან, რომ უცხოელი მუშების გარეშე ისინი ვერ შესძლებენ მოსავლის აღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ხილი და ბოსტნეული დალპება. თუ ასე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, რომ ფერმერებმა საერთოდ შეწყვიტონ არსებობა.