ამერიკულ საზოგადოებაში უკვე მწვავედ დგას საიმიგრაციო კანონის რეფორმის საკითხი. ამის ნათელი მაგალითია ახლახანს ასი ათასობით იმიგრანტის მიერ მასობრივი საპროტესტო აქციების გამართავა მთელი აშშ-ის მასშტაბით. ამერიკაში დაახლოებით თორმეტი მილიონი არალეგალი იმიგრანტია. ამერიკის მთავრობა დიდ ზეწოლას განიცდის ამერიკელი პოლიტიკოსებისაგან გამოასწოროს ეს პრობლემა. დეკემბერში წარმომადგენელთა პალატამ მიიღო იმიგრაციის რეფორმის კანონმდებლობის პროექტი, რომლის თანახმად უნდა გაძლიერდეს საზღვრების კონტროლი, ხოლო არალეგალური იმიგრანტები კი უნდა გამოცხადდნენ დამნაშავეებად. ამ ფონზე სენატმა, რომლის საიმიგრაციო კანონმდებლობის პროექტი ნაკლებად მკაცრია ვერ მიაღწია კვორუმს ამ საკითხზე. სენატში წარდგენილი დოკუმენტის თანახმად ეთანხმებიან იმ აზრს, რომ უნდა განმტკიცდეს საზღვრების დაცვა, თუმც ამავე დროს, არალეგალურ იმიგრანტებს უტოვებენ ამერიკის მოქალაქეებად გახდომის შესაძლებლობას. ამ საკითხზე ქეთი გაბუნია ესაუბრა ნიუ იორკში საადვოკატო ფირმის “ქრისთოფ ენდ ასსოსიეითის” მთავარ ადვოკატს ბატონ კახა კვაჭაძეს, მექსიკური გაზეთის ელ უნივერსალეს კორესპონდენტს ხოსე კარენოს, გერმანული გაზეთის ფრანქფურტერ ალგემაინე ცაიტუნგის ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელს მათიას რუების და კორეული ახალი ამბების სააგანტოს იონ ჰაპის ჟურნალისტს ჰანა ვონ პარკს.
ბატონი კახა კვაჭაძის თქმით ამჟამად საიმიგრაციო სამართალში რეფორმა შეჩერებულია.
- ”ეს რეფორმა ამჟამად დროებითაა შეჩერებული. ჯერ-ჯერობით სენატში ოთხი ალტერნატიული პროექტია წარდგენილი, რომელიც არალეგალთა ლეგალიზაციის გზებს ეხება. ყველაზე უფრო ლიბერალური კანონპროექტი მომზადებულია სენატორების კენედისა და მაკეინის მიერ. პრინციპში ეს კანონპროექტი შეიძლება გაიგივებულ იქნას ამნისტიასთან. ყველაზე უფრო კონსერვატული კანონპროექტი კი სენატორების კრონინისა და კილის მიერ არის მომზადებული, რომლის მიხედვითაც არალეგალებმა უნდა დატოვონ შეერთებული შტატები, რაც მათ აშშ-ში უკან, კანონიერი გზით შემოსვლის საშუალებას მისცემს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გატარდება რეფორმა, რომელიც ან ძალიან კონსერვატული ან ძალიან ლიბერალური იქნება. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ჩემის აზრით კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი მოიცავს სხვადასხვა ინიციატივების მისაღებ სეგმენტებს. ქართველებს კი რაც შეეხება, ჩემი ინფორმაციით ქართველთა უმეტესობა შეერთებულ შტატებში არალეგალურად იმყოფება . ასე რომ ნებისმიერი კანონპროექტი, ლიბერალური იქნება ეს თუ კონსერვატული, ასე თუ ისე მაინც წაადგება ჩვენს თანამემამულეებს. “
მექსიკელ ჟურნალისტს ხოსე კარენოს მიაჩნია, რომ მექსიკელი იმიგრანტები, რომლებიც არალეგალურ იმიგრანტთა ყველაზე დიდ ნაწილს შეადგენენ განსაკუთრებული შეშფოთებით ადევნებენ თვალყურს აზრთა დაპირისპირებას ამ საკითხზე. -”წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული კანონმდებლობა მექსიკელების მიერ აღიქმება საკმაოდ სასტიკ და რეპრესიული ხასიათის დოკუმენტად, მაშინ როდესაც სენატის პროექტი, როგორც ბევრად უკეთეს კომპრომისად. არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ აშშ-ს უფლება აქვს თავისი საზღვრები დაიცვას, მაგრამ საქმე იმაშია თუ როგორ აღწევ ამ მიზანს. მექსიკელებს აღელვებთ ის თუ რა ბედი ეწევა იმ თერთმეტ მილიონ არალეგალ იმიგრანტს, რომლებიც აშშ-ში ცხოვრობენ და მუშაობენ. მათგან 56-ი პროცენტი მექსიკელია. მოგეხესენებათ თუ რა დიდ ეკონომიკურ დახმარებას უწევენ ეს არალეგალი იმიგრანტები მექსიკის ეკონომიკას, იმ თანხებით, რომლებიც ამერიკიდან მექსიკაში მიედინება.”
სენატის კანონპროექტის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ არალეგალ იმიგრანტებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ თვით ამერიკის ეკონომიკაში, კერძოდ იმით, რომ მზად არიან შეასრულონ ის სამუშაოები, რომელზეც ბევრი ამერიკელი უარს ამბობს. ხოსე კარენოს მიაჩნია, რომ უნდა დაუშვან სტუმარ მუშათა პროგრამა, რომელიც იძლევა დროებით სტატუსს იმიგრანტებისათვის და უზრუნველყოფს მათთვის სამუშაო ადგილებს. ამ პროგრამას პრეზიდენტი ბუში უჭერს მხარს. ამას არ ეთანხმება გერმანელი ჟურნალისტი მატიას რუები, რომელიც ეყრდნობა რა გერმანულ გამოცდილებას, ამტკიცებს რომ გერმანიაში ეგრეთ წოდებული გასტარბაიტერის პროგრამა წარმატებით ვერ განხორციელდა. მისი თქმით თურქი სტუმარი მუშები, ანუ გასტარბაიტერები ოცი და უფრო მეტი წლის განმავლობაში რჩებიან გერმანიაში. -”აქედან გამომდინარე ყველა ხვდება, რომ ის თურქები არანაირი სტუმრები აღარ არიან. მათი უმეტესობა ჩადის გერმანიაში სამუშაოდ და შემდეგ რჩება იქ. ვშიშობ, რომ ამერიკასაც იგივე ემუქრება. “
ცნობილია, რომ ნიუ იორკში ლოს ანჟელესსა და ვაშინგტონში საკმაოდ მოზრდილი კორეული თემებია. ამ თემების 18-ტ პროცენტს არალეგალი იმიგრანტები შეადგენენ. ჩვენთან საუბარში კორეელმა ჟურნალისტმა ჰანა ვონ პარკმა აღნიშნა: -”კორეულ თემს იგივე მოთხოვნები აქვს, რაც სხვა იმიგრანტებს. არის შემთხვევები, როდესაც იმიგრანტები დაქორწინებულნი არიან ამერიკელ მოქალაქეებზე და იმის გამო რომ მათ არ გააჩნიათ დოკუმენტები პრაქტიკულად შეუძლებელია ამერიკაში მათთვის ლეგალური სტატუსის მიღება. აშშ-ი იმიგრანტებმა შექმნეს. აქედან გამომდინარე, ამერიკის მთავრობამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს მათ და შეცვალოს საიმიგრაციო პოლიტიკა.”
ზოგ პოლიტიკურ მიმომხილველს მიაჩნია, რომ მასობრივი საპროტესტო აქციები ჯერ მხოლოდ დასაწყისია იმისა, რაც საბოლოო ანგარიშში გადაიზრდება სამოქალაქო უფლებებისათვის მოძრაობად ადგილობრივ ლათინოამერიკელებისა და სხვა ეთნიკური იმიგრანტებისათვის. ამის თაობაზე ხოსე კორენომ შემდეგი მოსაზრება გამოთქვა: -”იმიგრანტები შეიძლება ამჯერად დამარცხდნენ. ეს შეიძლება მომავალ წელსაც განმეორდეს, მაგრამ სამ ან ხუთ წელიწადში ისინი ნამდვილად მიაღწევენ გამარჯვებას”.
ასეა თუ ისე ამერიკული საზოგადოების აზრი დაყოფილია არალეგალური იმიგრაციის საკითხის თაობაზე, მაგრამ ერთი რამ, რასაც ყველა ეთანხმება არის ის, რომ დღეს მოქმედი სისტემა იმიგრაციის დარგში ნამდვილად არ არის ქმედითი და საჭიროა მისი შეცვლა.
ქეთი გაბუნია, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.