საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უარესდება. ამერიკის საელჩო მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს ქვეყანას ეკონომიკის აღდგენაში. თბილისში ამერიკის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საელჩო საქართველოს კერძო სექტორს პანდემიის შემდეგ აღდგენაში დაეხმარება.
"იმისათვის, რომ საქართველოს კერძო სექტორს კოვიდ-19 პანდემიის შემდგომ აღდგენაში დავეხმაროთ, აშშ-ის მთავრობა დააფინანსებს უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმა OCO Global-ს, რომელიც გამოავლენს და ხელს შეუწყობს მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკაში. ასევე, შეუწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკის პოტენციალის შესახებ მსხვილ საერთაშორისო ინვესტორებთან ცნობიერების ამაღლებას.
აშშ-ის მთავრობა აღნიშნულ დაფინანსებას USAID-ის მეშვეობით გამოყოფს და საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობს," - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია 2020 წლის განმავლობაში საქართველოში რეცესიას პროგნოზირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის ზომა -3.99 პროცენტით შემცირდება. რეცესიის მიზეზს კოვიდ-19-ის პანდემიის მიერ შექმნილი ეკონომიკური შოკი წარმოადგენს.
"ჰერიტიჯის ფონდის" „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით კი საქართველოს სარეიტინგო ქულამ ისტორიული მაქსიმუმი 77.1 ქულა შეადგინა, მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 პოზიცია დაიკავა.
Facebook Forum